მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა.
ტესტური გამოცდის მიმდინარეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი აკვირდებოდა.
“ორი წლის შემდეგ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა იმართება. ამ პაუზის მიზეზი კოვიდპანდემია იყო. მისასალმებელია, რომ გამოცდით დაინტერესება საკმაოდ მაღალია. მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო.
მადლობას ვუხდი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს სრული ტექნიკური მხარდაჭერისთვის”,-განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.
299 გამოსაცდელიდან გამოცდა 59 მონაწილემ ჩააბარა. 75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში -29, სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში-28, საერთო სპეციალიზაციაში კი 2-მა გამოსაცდელმა გადალახა.
რაც შეეხება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს, წერითი გამოცდა 28 მაისს ჩატარდება.
წერით გამოცდამდე კი ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს - 2022 წლის 23 და 24 მაისს, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე.