ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა

21 ივლისი 2018

233 გამოსაცდელიდან ტესტური გამოცდა 73-მა მონაწილემ ჩააბარა. აქედან, 75 ქულიანი ზღვარი საერთო სპეციალიზაციაში ერთმა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში 21-მა, ხოლო სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში 51-მა პირმა გადალახა.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საგამოცდო ტესტი სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 100 არჩევითპასუხიან მარტივი, საშუალო და რთული კატეგორიის, დავალებას მოიცავდა.

ელექტრონულმა სისტემამ თითოეული მონაწილისთვის  საგამოცდო ტესტის ინდივიდუალურად შედგენა უზრუნველყო. ტესტური გამოცდის პასუხი  გამოსაცდელმა  გამოცდის დასრულებისთანავე შეიტყო.

ელექტრონული სისტემა თავდაპირველად USAID-ის დახმარებით შეიქმნა, ახლა კი მისი გაუმჯობესება, ასევე, USAID-ის პროექტის PROLoG-ის დახმარებით განხორციელდა. USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით განხორციელდა, ასევე, გამოცდის შინაარსობრივი გაუმჯობესებაც, კერძოდ აღნიშნული პროექტის მიერ დაფინანსდა საგამოცდო კომისიის წევრთა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში „ტესტის შექმნის მეთოდოლოგიაში“ გადამზადების პროექტი.

რაც შეეხება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს, წერითი გამოცდა 28 ივლისს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საგამოცდო დარბაზში ჩატარდება.

წერით გამოცდამდე კი ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს. შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში 23-24 ივლისს, 10:00-დან 17:00 საათამდე.