2011 წლის 17 სექტემბერს 9 საათზე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობაში (მის: უნივერსიტეტის №11) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპს (ტესტურ გამოცდას).
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო კომისიაში მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე მონაწილეობის მისაღებად საბუთები სულ 152 -მა მსურველმა შემოიტანა. აქედან, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 67 გამოსაცდელი დარეგისტრირდა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 69 და საერთო სპეციალიზაციით 16.
საგამოცდო კრებული სამართლის სხვადასხვა დარგის 100 ტესტს შეიცავს. მეორე ეტაპზე გასასვლელად გამოსაცდელმა 75 და მეტი ქულა უნდა დააგროვოს. მეორე ეტაპი მოიცავს წერით გამოცდას, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) ჩატარდება 2011 წლის 24 სექტემბერს.