2012 წლის 1 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კანდიდატთა შერჩევის ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია.
აღნიშნული პროგრამა შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ, „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამასთან (JILEP)" თანამშრომლობით.
პროგრამის პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმართა შორის არიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები და მისიები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები, ომბუდსმენის ოფისი, ტელევიზიისა და პრესის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კანდიდატთა შერჩევის ელექტრონული პროგრამა უზრუნველყოფს, როგორც მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ელექტრონულ ფორმატში ჩატარებას, ასევე მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის გამარტივებას. ელექტრონული სისტემის შექმნის მიზანს წარმოადგენდა ზემოაღნიშნული პროცესების გამჭირვალეობისა და ობიექტურობის უფრო მაღალი ხარისხის მიღწევა, ხელმისაწვდომობის გაზრდა, ინტერაქტიულობა, ადამიანური და მატერიალური რესურსების შემცირება.
ასევე, შეიქმნა მეტად მოსახერხებელი და ინტერაქტიული „აპლიკანტის პორტალი“, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნისა და მოსამართლეობის თანამდებობაზე და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მისაღებად გამოცხადებული კონკურსების შესახებ.