მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დღეიდან უკვე შესაძლებელია.
გამოცდაზე დაშვების მიზნით რეგისტრაცია 2023 წლის 10 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით იწარმოებს.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 2023 წლის 4 ივნისს, მეორე ეტაპი 2023 წლის 11 ივნისს გაიმართება
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 19 მარტის №1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის მიზნებისთვის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება:
1. პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით „სამართლისმცოდნეობა“ და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის“ კვალიფიკაცია;
2. პირი, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი უნდა ფლობდეს სამართლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხსაც სამართალმცოდნეობაში.
3. პირი, რომელსაც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ან სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სამართლის მაგისტრის
აკადემიური ხარისხის მქონე პირი უნდა ფლობდეს სამართლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხსაც.
პირი, რომელიც სავარაუდოდ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე:
32 227 31 00 (128, 111) ან 32 227 31 09