იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი გახდა. მის კანდიდატურას მხარი 248 მოსამართლემ დაუჭირა.
ნიკოლოზ მარსაგიშვილი მდივნის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩიეს.
“მე ვარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, შესაბამისად, გაგრძელდება ის კურსი, რომელიც დაწყებულია. ვეცდები, ჩემმა საქმიანობამ დადებითი შედეგი მოუტანოს სასამართლოს. მადლობას ვუხდი მოსამართლეებს ნდობისთვის”,-განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ჟურნალისტებთან.
გარდა ამისა, მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი აირჩიეს - უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძე და ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე თეა ლეონიძე.
“ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მოსამართლეების წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მადლობას ვუხდი მათ მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღემდე ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სასამართლოს სისტემის გაუმჯობესების, განვითარებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით”,-განაცხადა ქეთევან ცინცაძემ ჟურნალისტებთან.
“იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემი საქმიანობით შევეცდები გავამართლო ის მაღალი ნდობა, რომელიც დღეს თითოეულმა მოსამართლემ გამომიცხადა. ჩემი პრიორიტეტი იქნება რაიონული სასამართლოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა”,-განაცხადა თეა ლეონიძემ ჟურნალისტებთან.
მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენცია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ღია სივრცეში ჩატარდა. დაცული იყო სოციალური დისტანცია და ვირუსის პრევენციისთვის საჭირო სხვა რეკომენდაციები.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და წევრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი მიქაუტაძემ და რევაზ ნადარაიამ თანამდებობები დატოვეს.