ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე რეგისტრაცია 2017 წლის 23 ოქტომბრიდან იწყება!

20 ოქტომბერი 2017

 

2017 წლის 23 ოქტომბრიდან მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს.

2. მოქმედ მოსამართლეებს.

3. ყოფილ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებულნი იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე კონკურსის წესით და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ყოფილი მოსამართლეები, რომელთა უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 10 წელი.

მოსამართლედ არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, ასევე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღარ არსებობს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც პირი განთავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით, კერძოდ, მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის „ელექტრონული რეგისტრაციის“ მეშვეობით. წინა კონკურსებზე დარეგისტრირებულმა მომხმარებლებმა უნდა ისარგებლონ უკვე არსებული ელექტრონული ფოსტის და პაროლის საშუალებით.

რეგისტრაციის შემდგომ ვაკანსიებში განთავსებულია ინფორმაცია, რომელზეც მიბმულია განაცხადის შეტანა. პირი უფლებამოსილია კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადება შეიტანოს მისთვის სასურველ მოსამართლის ერთ ან რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე და თითოეულ ვაკანტურ თანამდებობას შესაბამისი პრიორიტეტი მიანიჭოს.

განაცხადი შედგება 7 სექციისაგან, რომელშიც უნდა შეივსოს მოთხოვნილი ინფორმაცია (რედაქტირებაზე ან ზოგიერთ შემთხვევაში დამატებაზე დაჭერის გზით). გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი და მხოლოდ ამის შემდეგ დააჭიროთ „განაცხადის შეტანას“. განაცხადის შეტანის უფლების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში (თუნდაც განაცხადი არ იყოს სრულყოფილად შევსებული), პროგრამა არ იძლევა საშუალებას ხელმეორედ გაკეთდეს განაცხადი. განაცხადში სავალდებულოა ფოტოს ატვირთვა.

განაცხადის შევსების ბოლო ეტაპზე „განაცხადის შეტანაზე“ დაჭერით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება, მის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების გადამოწმება/მოძიებას.

კანდიდატს შეუძლია შევიდეს განაცხადში და გაეცნოს წარმოსადგენ ინფორმაციას ან ნაწილობრივ შეავსოს, შემდეგ კვლავ დაუბრუნდეს და დაასრულოს შევსება. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პირმა არ უნდა გამოიყენოს „განაცხადის შეტანის“ ღილაკი და ისე გამოვიდეს განაცხადიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა შეტანილად მიიჩნევს განაცხადს და კანდიდატს არ მიეცემა მისი დასრულების შესაძლებლობა.

განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Internet Explorer-ის ან Google Chrome-ის ბრაუზერით.

რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 23 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით. (იხ. ვაკანსიები.)

განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში კანდიდატმა უნდა შეავსოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის საშუალებით.

განაცხადის შევსების შემდეგ კანდიდატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა გამოაგზავნოს საბჭოს მიერ ამ პირის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, მისი პერსონალური მონაცემების) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35​(2) მუხლით დადგენილი წესით მოძიებაზე/გადამოწმებაზე ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა 4 ეგზემპლარი. (იხ. თანხმობის ფორმა)

კონკურსის ეტაპებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას კანდიდატები მიიღებენ ელექტრონული ფორმით.

პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:

32 227 31 00 (+) 128, 111 ან 116 (შიდა); 577 554421; 595 850395; 577 988884