ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, სასამართლო მედიაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

29 აპრილი 2017

2017 წლის 28 აპრილს, სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში“ ორ დღიანი (28-29 აპრილი) მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, სადაც მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, სასამართლო მედიაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების განხილვას დაეთმო. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე-ნინო გვენეტაძემ და საბჭოს მდივანმა -ლევან მურუსიძემ მიმართეს.

კონფერენციაზე, სტუმრებს სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე-ირაკლი კობახიძემ მიმართა, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში სასამართლოს თავში განხორციელებულ სიახლეებზე და ცვლილებებზე ისაუბრა.

 „საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ბევრ რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ფუნდამენტალურად შეცვლილიყო ვითარება და სახეზეა ის ცვლილებები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის განმტკიცების თვალსაზრისით განხორციელდა. კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერები კეთდება, რომლებიც დამატებით განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობას და ეფექტიანობას. ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ საბოლოოდ ჩვენ შედეგად მივიღოთ ევროპული ტიპის და ევროპული ხარისხის მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მემორანდუმის ხელმომწერი ქვეყნების (ესტონეთის, მოლდოვის, პოლონეთის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ყაზახეთის), აგრეთვე, ლიტვის, ლატვიისა და გერმანიის მოსამართლეთა ასოციაციების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციების პირველი ოფიციალური შეხვედრა  თბილისში 2010 წლის ოქტომბერში შედგა.

ექსპერტების სახით წარმოდგენილნი იყვნენ: აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე ვირჯინიიდან -ანტონი ჯ. ტრენგა, პორტუგალიის მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - მარიო ბელო მორგადო, გერმანიის მოსამართლეთა კავშირის თავმჯდომარე - იენს გნიზა, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე- გერჰარდ რაისნერი,   ლატვიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ივარს ბიჩკოვიჩი, ლიტვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - რიმვიდას ნორკუსი,  მართლმსაჯულების რეფორმის ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი უკრაინაში - დოვიდას ვიტკაუსკასი, ასევე, ყაზახეთის, მოლდოვის, უკრაინისა და სხვა ევროპული ქვეყნების სასამართლო სისტემის წარმომადგენლები.

 

მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობა და საქართველოში განხორციელებული სასამართლო სისტემის რეფორმები უცხოელმა ექსპერტებმა საკუთარ გამოსვლებში შეაფასეს.

„კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შესამჩნევია ის განვითარება, რაც საქართველომ გააკეთა. საქართველოს მიზანია შექმნას მყარი და ძლიერი იუსტიცია და აქედან გამომდინარე, მოსამართლეთა კორპუსის გაძლიერება მნიშვნელოვანი საკითხია ამ პროცესში. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველო განვითარების კარგ გზაზე დგას და გვინდა, რომ ამ განვითარებას მხარი დაუჭიროთ. ის ცვლილებები, რომლებიც დაგეგმილია საქართველოს კონსტიტუციაში, ვფიქრობ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას. ეს კონფერენცია კარგი პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეგვიძლია გამოცდილება გაუზიაროთ ერთმანეთს და პირადად მე კარგი შთაბეჭდილებებით დავტოვებ აქაურობას. გერმანია მხარს უჭერს საქართველოში წამოწყებულ რეფორმებს და ვთვლი, რომ ეს რეფორმები ძლიერი მართლმსაჯულებას და ძლიერი იუსტიციის სისტემას განაპირობებს“, - განაცხადა გერმანიის მოსამართლეთა კავშირის თავმჯდომარემ, იენს გნიზამ.

 

ასტონი ტრენგმა - აშშ-ის ფედერალური მოსამართლე, საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, ვირჯინიის აღმოსავლეთ ოლქიდან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ  „საქართველოს სასამართლო სისტემის გაცნობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება. ღონისძიების მონაწილეებს ამერიკის ფედერალური სასამართლოს გამოცდილებას გავაცნობ და ასევე მოვისმენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებასაც გავეცანი და იმედი მაქვს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა და პარლამენტი რეფორმების პროცესს შეუფერხებლივ გააგრძელებს“.

მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, სასამართლო მედიაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციაების სამდივნოს ფინანსურ მხადაჭერას უწევენ „გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდი“ (IRZ), ევროსაბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში (CoE), ევროკავშირის EU4Justice: სასამართლო მხარდაჭერის პროექტი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) და გაეროს განვითარების პროგრამა  (UNDP).