ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, სასამართლო მედიაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

26 აპრილი 2017

საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის, მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციაციების სამდივნოსა და გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) ორგანიზებით, 2017 წლის 28-29 აპრილს,  თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება უკვე ტრადიციული, ყოველწლიური მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ მემორანდუმის ხელმომწერი ქვეყნების (ესტონეთის, მოლდოვის, პოლონეთის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ყაზახეთის), აგრეთვე, ლიტვის, ლატვიისა და გერმანიის მოსამართლეთა ასოციაციების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციების პირველი ოფიციალური შეხვედრა  თბილისში 2010 წლის ოქტომბერში შედგა. ა/წ 28-29 აპრილის საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილება მართლმსაჯულებისათვის ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა:  მოსამართლეთა საქმიანობის შეფასება, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები (მედიაცია) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება.

აღნიშნულ კონფერენციაზე ექსპერტების სახით წარმოდგენილნი იქნებიან: აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე ვირჯინიიდან -ანტონი ჯ. ტრენგა, პორტუგალიის მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - მარიო ბელო მორგადო, გერმანიის მოსამართლეთა კავშირის თავმჯდომარე - იენს გნიზა, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე- გერჰარდ რაისნერი,   ლატვიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ივარს ბიჩკოვიჩი, ლიტვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - რიმვიდას ნორკუსი,  მართლმსაჯულების რეფორმის ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი უკრაინაში - დოვიდას ვიტკაუსკასი, ასევე, ყაზახეთის, მოლდოვის, უკრაინისა და სხვა ევროპული ქვეყნების სასამართლო სისტემის წარმომადგენლები.

მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, სასამართლო მედიაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციაციების სამდივნოს ფინანსურ მხადაჭერას უწევენ „გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდი“ (IRZ), ევროსაბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში (CoE), ევროკავშირის EU4Justice: სასამართლო მხარდაჭერის პროექტი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) და გაეროს განვითარების პროგრამა  (UNDP).