2011 წლის 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მოსამართლეთა VIII კონფერენცია ჩატარდა.
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოა. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია შედგება უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისაგან.
კონფერენციაზე მოსამართლეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ვალერი ცერცვაძემ. გამომსვლელებმა მიმდინარე სასამართლო რეფორმის, განხორციელებული ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
მოსამართლეთა კონფერენცია თითოეული მოსამართლისთვის მნიშვნელოვანია. ,,მოსამართლეთა კონფერენცია თავისი უფლებამოსილების განხორციელებით განამტკიცებს და იცავს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, ასევე, ხელს უწყობს სასამართლოს ავტორიტეტის ამაღლებას და სასამართლო ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობის გაზრდას“, – აღნიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძემ.
მოსამართლეთა კონფერენციამ ახალი ვადით აირჩია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები – მალხაზ გურული, ლაშა კალანდაძე, გიორგი შავლიაშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე. საბჭოს შემადგენლობას შეემატა ახალი წევრიც – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძე. მოსამართლეთა კონფერენციაზე ასევე, არჩეულ იქნა ადმინისტრაციული კომიტეტის წევრები.
კონფერენციის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ფოტოების გამოფენა მოეწყო.