ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების თაობაზე დისკუსია გაიმართა

09 ნოემბერი 2016

2016 წლის 9 ნოემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების თაობაზე, მრგვალი მაგიდის ფორმატში, დისკუსია გაიმართა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე-ნინო გვენეტაძემ და დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა-მონიკა აზიმმა.

დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა, დისციპლინური სამართალწარმოების ეფექტურობის, დისციპლინური გადაცდომების მაქსიმალური დეტალიზაციის, აგრეთვე, მოსამართლეთა დაცულობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით, არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის თაობაზე ფართო მსჯელობა.

დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სამოსამართლო ეთიკის წესები, დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები. სამოსამართლო საქმიანობის კალიფორნიის კომისიის დირექტორმა/უფროსმა მრჩეველმა, ვიქტორია ჰენლიმ დამსწრე საზოგადოებას,  ამერიკის გამოცდილების საფუძველზე, წარუდგინა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურების დახვეწის თაობაზე რეკომენდაციები.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, წევრები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.

ღონისძიება გაიმართა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებითა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის  მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის ხელშეწყობის პროექტის (PROLoG) ფარგლებში.