დღეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრი“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში ახორციელებს პროექტს „მე ვეხმარები“. პროექტი ითვალისწინებს ბავშთა სახლებში სპორტული, სახელოვნებო და შემეცნებითი თემატიკის ტრეინინგების ჩატარებას.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული სამართლის ორთვიანი კურსი. პრაქტიკული სამართლის კურსი მოიცავს ყოველდღიური ცხოვრების ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, საქართველოს კონსტიტუცია, სასამართლო სისტემა და ა.შ.
პროგრამა „მე ვეხმარების“ მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენენ მოხალისეები, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ იხდიან საზოგადოებრივ ვალს ჩვენი მომავალი თაობის წინაშე. პროგრამაში მოხალისეებად ჩართულნი არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. საქართველოს სასამართლოების მხრიდან პროგრამაში ჩაერთვებიან მოსამართლეები.
პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან კოჯრის ბავშვთა სახლი, თბილისის კრიზისული ცენტრი და ნუცუბიძის ბავშვთა სოფელი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო რეფორმის წამყვანი ორგანოა. იგი მოწოდებულია დაიცვას სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს მართლმსაჯულების ეფექტიანი და ხარისხიანი განხორციელება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელს უწყობს მომავალ თაობაში სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლებას.