2022 წლის 12-14 სექტემბერს ევროკავშირის პროექტის - „EU სტაბილურობის ინსტრუმენტი“ - ფარგლებში, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ორგანიზებით, ჰააგაში ქართველი მოსამართლეების დელეგაციის ვიზიტი გაიმართა.
დელეგაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ხელმძღვანელობდა, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ბადრი შონია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეეები - ხატია არდაზიშვილი და ნანა დარასელია, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ბუაჩიძე.
ვიზიტის ფარგლებში მოსამართლეები თავშესაფრის მაძიებელთა საქმეებზე პრაქტიკას, საიმიგრაციო სამართალწარმოების სტანდარტებსა და პროცედურულ მიდგომებს გაეცნენ.
ვიზიტის გახსნითი ღონისძიება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში გაიმართა და მასში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია.
დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს, როგორც უცხოელ კოლეგებთან ჰააგის საოლქო სასამართლოსა და ნიდერლანდების სააპელაციო და უმაღლესი ინსტანციის სასამართლო ორგანოებში, ასევე, ნიდერლანდების იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურისა და ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებთან.
აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნებს შორის ლტოლვილთა სამართლის საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, აგრეთვე, ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას.