2015 წლის 25 სექტემბერს ქალაქ გორში, მედიაციის საპილოტე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, ასევე, გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გორის რაიონული სასამართლოსა და გორის მედიაციის ცენტრს შორის.
მედიაციის საპილოტე პროექტის მიზანია სამოქალაქო სამართლებრივი დავების მორიგებით დამთარების ხელშეწყობა, საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის განვითარება და სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ზემოაღნიშნული მიზნით, მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები იღებენ ვალდებულებას, დაინტერესებულ მხარეებს შესთავაზონ სამედიაციო სერვისი უსასყიდლოდ, დონორი ორგანიზაციის დაფინასებით, ერთი წლის მანძილზე.
დავის ტრადიციული მეთოდებით გადაწყვეტისაგან განსხვავებით, მედიაცია დავის გადაწყვეტის სწრაფი, ნაკლებხარჯიანი და მშვიდობიანი საშუალებაა, სადაც გადაწყვეტილებას იღებენ თვითონ მხარეები და არა მედიატორი. პროცესის შედეგად მიღწეული შეთანხმება ყოველთვის ორივე მხარის ინტერესების შესაბამისია. აქედან გამომდინარე, ამ პროცესში „წაგება“ გამორიცხულია. მედიაციის პროცესში მიღწეული შეთანხმება შეიძლება დამტკიცდეს სასამართლოს მიერ და ამგვარად დაექვემდებაროს აღსრულებას. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს საერთო წესით.
მედიაციის საპილოტე პროექტის პრეზენტაციში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გორის რიონული სასამართლოს, გორის მედიაციის ცენტრის, ადვოკატთა ასოციიაციის, მედიატორთა ასოციაციებისა და სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლები.