ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლატვიის დელეგაციის ვიზიტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

21 სექტემბერი 2017

21 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ლატვიის რესპუბლიკის დელეგაცია, რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის ჯინტარს რასნაკის ხელმძღვანელობით ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ლატვიის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის უფროსი გადის ბერჟინი, სასამართლო ადმინისტრაციის აღმასრულებელი დირექტორი ედვინს ბალსევიჩი, იუსტიციის მინისტრის მრჩეველი ივო ზუტი, სასამართლო საკითხებზე სახელმწიფო მდივნის მოადგილე ირენა კუჩინა და სასამართლო ადმინისტრაციის პროექტის ლიდერი ანა სკრიაბინა.

სტუმრები უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, საბჭოს წევრებმა მიიღეს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  ნინიო გვენეტაძე მიესალმა ლატვიელ სატუმრებს  და გააცნო საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისა და მიმდინარე რეფორმის პროცესის მნიშვნელოვანი ასპექტები, რაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

იუსტიციის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობაზე მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში, რაც  მისი თქმით, რეფორმის ეფექტურობას და უფრო სწრაფ მიმდინარეობას უწყობს ხელს.

ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა საბჭოს წევრებს ლატვიაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ მიმდინარეობა და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიწყო  2017 წლის 1 სექტემბრიდან ლატვიის სასამართლოს მიერ საერთაშორისო მართლმსაჯულების, ფრანგული სამაგისტრო სკოლისა და ხორვატიის სამართლის აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში. 18 თვიანი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის განვითარების ხელშეწყობას, როგორც საწყისი ტრენინგების, ასევე მოსამართლეთა მოსამზადებელ ეტაპზე. გარდა ამისა, ტვინინგის პროექტის მიზანია იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებისა და ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაზრდა და ელექტრონული სწავლების პროგრამის დანერგვა და განვითარება.

შეხვედრის ბოლოს, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ლატვიელ სტუმრებს მართლმსაჯულების რეფორმების აქტიური მხარდაჭერისთვის.