2011 წლის 3-4 დეკემბერს, ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. სადაც ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც შეეხება საბჭოს დაკომპლექტების და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის, მოსამართლის დანიშვნის, გადაყვანის და დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურების გაუმჯობესებას.
კონფერენციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - ვალერი ცერცვაძე და JILEP- პროექტის ხელმძღვანელი - ჰერბერტ ბოუმენი უძღვებოდნენ. ასევე მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, დეპარტამენტების უფროსები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და შეჯამდა ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი და განხილული საკანონმდებლო ცვლილებები.
სემინარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და USAID–ის მიერ დაფინანსებული ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP)“ ორგანიზებით ჩატარდა.