საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, გუდაურში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმისწარმოების და სტატისტიკის პრობლემური საკითხები“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საერთო სასამართლოების თავმჯდომარეები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა საერთო სასამართლოების მიერ 2010 წლის განმავლობაში განხილულ საქმეთა სტატისტიკური მონაცემები, მოსამართლის დატვირთვისა და საქმიანობის ეფექტურობის შეფასების სახელმძღვანელო პრინციპებთან მათი შესაბამისობის ანალიზი, საქმეთა განხილვის საპროცესო ვადების დაცვის მდგომარეობა და საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
აღინიშნა, რომ საერთო სასამართლოებში საქმეთა განხილვის კუთხით გამოიკვეთა დადებითი ტენდენციები. გაიზარდა საქმეთა განხილვის რაოდენობრივი მაჩვენებლები, რამაც, საქმეთა შემოსვლის მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, გამოიწვია ნაშთად არსებულ საქმეთა რაოდენობის კლება. ამასთან, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა უმრავლესობის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი „მოსამართლის დატვირთვისა და საქმიანობის ეფექტურობის შეფასების სახელმძღვანელო პრინციპების“ მოთხოვნები.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ბატონმა ვალერი ცერცვაძემ წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინიციატივით შემუშავებული ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა, რომლის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების დამკვიდრებას. კონფერენციაზე მოხდა სახელმწიფო ბაჟის გამომთვლელი ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც დაეხმარება როგორც მოსამართლეებს, ასევე მოქალაქეებს სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი შეეხო სასამართლო რეფორმის პრიორიტეტებს: საერთო სასამართლოების აპარატებში ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესების მნიშვნელობას, მოსამართლეთა და მოხელეთა კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების აუცილებლობას, მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დაცვის საჭიროებასა და სასამართლოში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
კონფერენცია, რომელიც პერიოდულ ხასიათს მიიღებს, ჩატარდა სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტისა (JAMR) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით.