საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის უმთავრესი მიზანი ურთიერთობების გაღრმავება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხედვის გაცნობა, მედიის წარმომადგენლებისგან პრობლემურ საკითხების იდენტიფიცირება - მათი გადაწყვეტის გზების ძიება და სამომავლო თანამშრომლობის საკითხის განხილვა იყო.
შეხვედრა გახსნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე წულაძემ, მან სტუმრებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხედვა და საკომუნიკაციო სტრატეგიის საკვანძო საკითხები, ადგილობრივ და რეგიონულ მედიასთან თანამშრომლობის გეგმის მონახაზი გააცნო.
ასევე, შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა კონსულტანტმა - უშანგი ბახტაძემ, მისივე თანაავტორობით გამოშვებული წიგნის ,,მედიასამართალი“-ს შესახებ მოკლე პრეზენტაცია გააკეთა და მის ირგვლივ, სტუმრების მხრიდან სამართლებრივ საკითხებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრა დიალოგის ფორმატით გაიმართა და მედიის წარმომადგენლებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მათ საერთო სასამართლოებში კომუნიკაციის დროს ექმნებათ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პერიოდულად გააგრძელებს დედაქალაქში და ასევე რეგიონებში მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას.