2024 წლის 28 ივნისის 1/52 განკარგულებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა 17 ვაკანტურ თანამდებობაზე. იხილეთ ვაკანსიების ჩამონათვალი.
მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს.
2. მოქმედ მოსამართლეებს.
3. ყოფილ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებულნი იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე კონკურსის წესით და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ყოფილი მოსამართლეები, რომელთა უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 10 წელი.
მოსამართლედ არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, ასევე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღარ არსებობს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის XIII 1 თავის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც პირი განთავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის საშუალებით. კერძოდ, მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის „ელექტრონული რეგისტრაციის“ მეშვეობით. წინა კონკურსებზე დარეგისტრირებულმა მომხმარებლებმა უნდა ისარგებლონ უკვე არსებული ელექტრონული ფოსტის და პაროლის საშუალებით.
რეგისტრაციის შემდგომ „ვაკანსიებში“ განთავსებულია ინფორმაცია, რომელზეც მიბმულია განაცხადის შეტანა.
განაცხადი შედგება 7 სექციისაგან, რომელშიც უნდა შეივსოს მოთხოვნილი ინფორმაცია (რედაქტირებაზე ან ზოგიერთ შემთხვევაში დამატებაზე დაჭერის გზით).
გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი და მხოლოდ ამის შემდეგ დააჭიროთ „განაცხადის შეტანას“. განაცხადის შეტანის უფლების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში (თუნდაც განაცხადი არ იყოს სრულყოფილად შევსებული), პროგრამა არ იძლევა საშუალებას ხელმეორედ გაკეთდეს განაცხადი. განაცხადში სავალდებულოა ფოტოს ატვირთვა.
კანდიდატს შეუძლია შევიდეს განაცხადში და გაეცნოს წარმოსადგენ ინფორმაციას ან ნაწილობრივ შეავსოს, შემდეგ კვლავ დაუბრუნდეს და დაასრულოს შევსება. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პირმა არ უნდა გამოიყენოს „განაცხადის შეტანის“ ღილაკი და ისე გამოვიდეს განაცხადიდან.
განაცხადის შევსების ბოლო ეტაპზე „განაცხადის შეტანა“-ზე დაჭერით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება, მის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35(2) მუხლით დადგენილი წესით გადამოწმება/მოძიებას. ამასთან, განაცხადის შევსების შემდეგ კანდიდატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა გამოაგზავნოს აღნიშნული თანხმობის ნოტარიულად დამოწმებული 4 ეგზემპლარი, განაცხადის შეტანიდან 5 დღის ვადაში. (იხ. თანხმობის ფორმა) განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Google Chrome-ის ან Internet Explorer-ის ბრაუზერით.
რეგისტრაცია შესაძლებელია 2024 წლის 1 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით.
კანდიდატად რეგისტრირებულმა პირებმა საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში უნდა შეავსონ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდის საშუალებით.
კონკურსის ეტაპებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას კანდიდატები მიიღებენ ელექტრონული ფორმით.
პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: (32) 227 31 00 (+) 128, 111 (შიდა) ან (32) 227 31 09