ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ვიზიტი საქსონიის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში

12 ნოემბერი 2014

2014 წლის  3-დან 7 ნოემბერის ჩათვლით საქართველოს უზენაესი სასამართლოს და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე-კონსტანტინე კუბლაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი -  ლევან მურუსიძე და საბჭოს წევრთა  შემადგენლობა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კერძოდ  ქალაქ დრეზდენში იმყოფებოდნენ.

საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა საქსონიის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს  თავმჯდომარემ - ულრიხ ჰაგენლოხმა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდნენ გერმანელ კოლეგებს დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს, სამხარეო სასამართლოსა და ცვიკაუს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებს და გაეცნენ აღნიშნული სასამართლოების საქმიანობას.

ქართული დელეგაციის წევრებმა გერმანელ კოლეგებთან ერთად იმსჯელეს  მოსამართლეთა თვითმმართველობის როლზე, დისცლიპლინურ სამართალწარმოებაზე, მოსამართლეთა დანიშვნისა და შეფასების მნიშვნელობასა და პრაქტიკაში მის განხორციელებაზე.

ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა და გერმანელმა მოსამართლეებმა ისაუბრეს მოსამართლეობის კანდიდატების კონკურსის წესით შერჩევის, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით, უვადოდ დანიშვნისა და   შეფასების სისტემის შესახებ, რომელიც  მრავალი წელია გერმანულ მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს.  აღნიშნულ საკითხებზე გერმანელმა მოსამართლეებმა ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  (GIZ) სამართლის პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, როგორც  პროგრამის მნიშვნელოვან პარტნიორთან, რათა ეფექტიანად და ობიექტურად უზრუნველყოს მასზე დაკისრებული საპასუხისმგებლო ამოცანების გათავისება და უპირველესად მოსამართლის დამოუკიდებლობის გაძლიერება და დაცვა.