ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ყოველწლიური ანგარიში

05 ოქტომბერი 2019

საქართველოს მოსამართლეთა XXVI რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. გიორგი მიქაუტაძემ 2018-2019 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა შეაჯამა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოკლედ მიმოიხილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი. ამის შემდეგ კი საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და ანგარიშში ასახულ პრიორიტეტულ საკითხებზე - საქმეთა ნაკადის მართვა, სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, დისციპლინური სამართალწარმოება, სასამართლო რეფორმა, მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიები, საზოგადოებასთან კომუნიკაცია.

საქმიანობის სრულყოფილად წარმართვის მიზნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2018 წელს 47 სხდომა ჩატარდა და 310 გადაწყვეტილება მიიღეს, 2019 წლის დასაწყისიდან ამ დრომდე კი 28 სხდომა და 218 გადაწყვეტილება. ასევე, საქართველოს პარლამენტს წარედგინა რამდენიმე საკანონმდებლო წინადადება.


ანგარიშის მიმოხილვა

2018 წელს დასრულდა მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი ერთი კონკურსი, რომლის შედეგადაც იმავე წლის 11 იანვარს თანამდებობაზე განწესდა 34 მოსამართლე, აქედან 15 სკოლის მსმენელი, 1 ყოფილი მოსამართლე და 18 მოქმედი მოსამართლე. 2018 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა მოსამართლეთა შესარჩევი კიდევ ერთი კონკურსის პროცედურა 43 ვაკანტურ ადგილზე, რომლის საფუძველზეც 2019 წლის 25 მაისს თანამდებობაზე განწესდა 32 მოსამართლე, აქედან 3 სკოლის მსმენელი, 2 ყოფილი მოსამართლე, ხოლო 27 მოქმედი მოსამართლე. საანგარიშო პერიოდში სისტემას 21 ახალი მოსამართლე დაემატა, 45 მოქმედი მოსამართლე კი უვადოდ განწესდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრიორიტეტია სასამართლო სისტემაში ახალი, მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების შემოდინების ხელშეწყობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გამოცხადდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსი, რომლის შედეგად 2019 წლის მარტში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა 20 მსმენელი. 2019 წლის ივნისში გამოცხადებულ ახალ შერჩევაში მონაწილეობს 91 კანდიდატი. გასაუბრების ეტაპი უკვე დასრულდა და კენჭისყრის ჩატარება იგეგმება უახლოეს მომავალში.

საანაგრიშო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიხვეწა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და საგამოცდო პროგრამა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა განახლებული დავალებებით 2018 წელს ერთხელ, 2019 წელს კი ორჯერ ჩაატარა.

დაიხვეწა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი. სამოქალაქო საზოგადოების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით დაზუსტდა მოსამართლეთა კანდიდატების შესახებ ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა, ასევე დეტალურად გაიწერა, თუ რა ინფორმაციას მოიძიებს საბჭო კონკურსის მიმდინარეობისას.

საქმეთა ნაკადთან უკეთესად გამკლავების მიზნით გასულ წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც გაფართოვდა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კომერციულ საქმეთა განმხილველი ვიწრო სპეციალიზაციის მიერ განსახილველ საქმეთა ნუსხა.

სასამართლო სისტემის სტრატეგიით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება შშმ პირებისთვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდას უკავშირდება. ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2019 წელს საერთო სასამართლოების ყველა შენობის ინფრასტრუქტურა შეფასდა შშმ პირების საჭიროებების გათვალისწინებით. კვლევის შედეგად გამოვლენილია გამოწვევები, რომელთა დასაძლევად დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, აგრძელებს მუშაობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად დამტკიცებული სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგიის განხორციელებაზე.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს 2019 წლის ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის ახალი ვებგვერდის ამოქმედება, რომლის მეშვეობით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ საქმის მიმდინარეობასა და საქმესთან დაკავშირებულ ყველა ელექტრონულ დოკუმენტს, მოიძიონ მიმდინარე საქმეზე ჩანიშნული სასამართლო სხდომის განრიგი, ასევე გაეცნონ სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ საჯარო შეტყობინებებს.

იხ. ანგარიში