ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე მართლმსაჯულების რეფორმისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

26 ივნისი 2017

2017 წლის 26 ივნისს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ყაზახეთის სამთავრობო და სასამართლო ხელისუფლების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაიხსნა სასამართლოსა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელსაც სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. 

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე,   ასევე უზენაესი  და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები. 

კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასა და საერთო სასამართლოების სისტემის რეფორმის ფარგლებში შემუშავებული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის  მთავარი ასპექტები. კონფერენციაზე განიხილეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების, სისხლის სამართლის სისტემის, პროკურატურისა და  პოლიციისა  რეფორმის, აგრეთვე ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებები.

ყაზახეთის სამთავრობო და სასამართლო ხელისუფლების დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უზენაესი სასამართლოს, კონსტიტუციური საბჭოს, გენერალური პროკურატურის, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანტიკორუფციული  და საჯარო სამსახურების სააგენტოებისა და ყაზახეთის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.

ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანია გაეცნოს საქართველოში მიმდინარე  სასამართლოსა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში მიმდინარე რეფორმებს. უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით საქართველოსა და ყაზახეთს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისა და განვითარების  ხელშეწყობის მნიშვნელობას. უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებმა ერთმანეთს გააცნეს საქართველოსა და ყაზახეთში მართლმსაჯულების სისტემაში  მიმდინარე რეფორმების მნიშვნელოვანი მიმართულებები.

ყაზახეთის სამთავრობო და სასამართლო ხელისუფლების დელეგაციის  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია  უმაღლესი დონის შეხვედრები საქართველოს იუსტიიცისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული ფირმების ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან.  ყაზახი სტუმრები ეწვევიან თბილისის საქალაქო სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას.

ყაზახეთის სამთავრობო და სასამრთლო ხელისუფლების დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 27 ივნისს დასრულდება.