2020 წლის 14 მარტს საქართველოს მოსამართლეთა XXVII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს. მას მხარი 224 -მა მოსამართლემ დაუჭირა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მოსამართლეს ნდობის გამოცხადებისათვის. ვფიქრობ, ჩემი როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წარმომადგენლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის მნიშვნელოვანი. ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო თითოეული მოსამართლის ინტერესების დასაცავად და ჩემი წვლილი შევიტანო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცების პროცესში. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მოსამართლეებს და ვეცდები მათი ნდობა გავამართლო,- განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ჟურნალისტებთან.
ნიკოლოზ მარსაგიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის პოზიციაზე სერგო მეთოფიშვილი შეცვალა.
“ვულოცავ ნიკოლოზ მარსაგიშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევას და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ. მას, როგორც მოსამართლედ, ასევე ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იყო გორის, ახლა კი არის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევა სასამართლო სისტემისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია და მოხარული ვარ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მასთან ერთად მომიწევს მუშაობა მნიშვნელოვან საკითხებზე ‘’,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოს მოსამართლეთა XXVII რიგგარეშე კონფერენციაზე სხვა საკითხების განხილვაც იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინებით კონფერენციამ მხოლოდ ერთ საკითხზე იმსჯელა.