დღეს, 12:00 საათზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს, კერძოდ, ,,საქართველოს საერთო სასამართლოების“ სამი მოსამართლისათვის დაწყებული საქმეების განხილვის დასრულებამდე უფლებამოსილების ვადის გაგრძელება.
საბჭოს ახალი შემადგენლობის სხდომა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად - ლევან მურუსიძე 205 ხმით აირჩია. ასევე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 მოსამართლე აირჩიეს.
რაც შეეხება პარლამენტით განსაზღვრულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კვოტას, მან მხოლოდ 4 წევრის არჩევა მოახერხა. იუსტიციის უმაღლეესი საბჭოს წევრობის ორი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი თავიდან გამოცხადდება და მათ არჩვას ისევ ხმათა 2/3 დასჭირდება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეალურად იქცა სასამართლო სისტემის და თითოეული კონკრეტული მოსამართლის ინტერესების გამტარებელ და დამოუკიდებელ ორგანოდ, რომლის საქმიანობა მიმართულია სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განვითარებისაკენ.