ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია

21 მარტი 2018
2015 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ, განიხილა მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის საჩივარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე (116-ე მუხლი სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება) რომელიც არ დააკმაყოფილა. პროცესის მიმდინარეობისას, წესრიგის რამდენჯერმე დარღვევისთვის თამარ ხაჭაპურიძე გაძევებული იყო დარბაზიდან.

გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, თამარ ხაჭაპურიძე სოციალური ქსელით და სახვადასხვა მედია საშუალებებით ავრცელებდა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ღირსების შემლახველ და მუქარის შემცველ განცხადებებს.

2016 წლის აგვისტოში, გონიოში, გიორგი მიქაუტაძე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად შესული იყო ზღვაში, რა დროსაც თავს დაესხნენ თამარ ხაჭაპურიძე, მისი მეუღლე და 13 წლის შვილი, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. თამარ ხაჭაპურიძე ფურთხებით და უცენზურო სიტყვებით წყალში მიუახლოვდა გიორგი მიქაუტაძეს რა დროსაც ყვიროდა, რომ უსამართლო გადაწყვეტილების გამო მას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.

ინციდენტს ტელეფონის საშუალებით იღებდა გიორგი მიქაუტაძის მეუღლე, სადაც, აშკარად ჩანს მოსამართლის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები. სამწუხაროდ, თამარ ხაჭაპურიძე და მისი მხარდამჭერები ავრცელებენ ვიდოჩანაწერის მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც გიორგი მიქაუტაძე თავდაცვის მიზნით, იგერიებს ფიზიკურ აგრესიას, თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილია ინციდენტის ამსახველი სრული ვიდეომასალა.

გამოძიების არცერთ ეტაპზე გიორგი მიქაუტაძე არ ჩარეულა საქმის მიმდინარეობაში. შესაბამისად, განცხადებები იმის თაობაზე, რომ მისი ყოფნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის თანამდებობაზე, საფრთხის ქვეშ აყენებს მოქალაქეების სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციას, პოპულისტურია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიცვას თავი ფიზიკური აგრესიისგან და სხვა უკანონო ქმედებისგან. ის გარემოება, რომ მოსამართლე მის მიერ განხილული საქმის გამო დაზარალებულია, არ შეიძლება გახდეს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეწევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. საგულისხმოა, რომ მოცემულ საქმეში საია თამარ ხაჭაპურიძის ოჯახის ინტერესებს იცავს და შესაბამისად დაინტერესებული მხარეა, სამწუხაროდ საია მსგავსი მეთოდებით ცდილობს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გამართლებას.