ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია

13 დეკემბერი 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმიანება მიმდინარე წლის  13 დეკემბერს, მედია საშუალებებით საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ხათუნა გოგორიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ უზრუნველყო საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად ელექტრონული სისტემის მეშვეობით  განაწილების წესის დამტკიცება. აღნიშნული ინფორმაცია მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალა, 2017 წლის 1 ივნისამდე, საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის შემუშავება და დამტკიცება. აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით დამტკიცდა საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესი. აგრეთვე შეიქმნა საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად განაწილების ელექტრონული სისტემა, რომელიც 2017 წლის 1 ივლისიდან საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ხოლო 2017 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება საქართველოს საერთო სასამართლოებში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 3 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.  ღონისძიებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, პროკურატურის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამასთან, საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების საკითხთან დაკავშირებით განხორციელდა საერთო სასამართლოების აპარატის იმ მოხელეთა გადამზადება, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული საქმეთა ელექტრონული განაწილების პროცესში.

მსგავსი სახის ცრუ ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ემსახურება სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას.