საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის მიზნებისთვის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება:
1. პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით „სამართლისმცოდნეობა“ და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის“ კვალიფიკაცია;
2. პირი, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი უნდა ფლობდეს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხსაც სამართალმცოდნეობაში.
3. პირი, რომელსაც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ან სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი უნდა ფლობდეს სამართლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხსაც.
პირი, რომელიც სავარაუდოდ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
პირი, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება განათლების აღიარების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოშობის შემთხვევაში.
გამოცდის ჩაბარების მსურველმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით, კერძოდ, ამავე გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის „ელექტრონული რეგისტრაციის“ მეშვეობით. სურვილის შემთხვევაში განაცხადის შეტანა შესაძლებელია, ასევე, მატერიალური ფორმით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამ შემთხვევაში საორგანიზაციო კომისიის წევრები უზრუნველყოფენ თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანას.
რეგისტრაციის შემდეგ მთავარ მენიუში - „საკვალიფიკაციო გამოცდა“-ში თქვენ იხილავთ სამივე სპეციალიზაციაზე გამოცხადებულ გამოცდას. ყველა სპეციალიზაციაზე მიბმულია განაცხადის შეტანა. ამოარჩიეთ თქვენთვის სასურველი სპეციალიზაცია და გააკეთეთ განაცხადი. განაცხადის შეტანის უფლების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში, პროგრამა არ მოგცემთ საშუალებას ხელმეორედ გააკეთოთ განაცხადი სხვა სპეციალიზაციაზე. გთხოვთ, დაფიქრდეთ სპეციალიზაციის არჩევისას.
განაცხადი შედგება 3 სექციისაგან: საიდენტიფიკაციო მონაცემები, საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და უმაღლესი განათლება.
პირველ სექციაში მარჯვენა მხარეს არსებული რედაქტირების ფუნქციით შეგიძლიათ შეცვალოთ ან განაახლოთ რეგისტრაციის დროს თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია.
მეორე სექციაში დამატების ფუნქციით შეიყვანეთ თქვენი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები.
მესამე სექციაში ასევე დამატების გზით შეავსეთ ყველა მითითებული ველი. არ დაგავიწყდეთ დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლის დასკანერებული ვერსიის ატვირთვა.
განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Google Chrome-ის ბრაუზერით.
რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 2 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით.
გამოცდის საფასური შეადგენს 150 ლარს.