საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდას 2015 წლის 21 და 28 ნოემბერს.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის მიზნებისთვის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება:
1. პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით „სამართლისმცოდნეობა“ და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის“ კვალიფიკაცია;
2. პირი, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი უნდა ფლობდეს სამართლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხსაც სამართალმცოდნეობაში.
3. პირი, რომელსაც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ან სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი უნდა ფლობდეს სამართლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხსაც.
პირი, რომელიც სავარაუდოდ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
პირი, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება განათლების აღიარების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოშობის შემთხვევაში.
გამოცდაზე რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 2 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული სახით.
ელექტრონულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია განთავსდება დამატებით, რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა.
გამოცდის საფასური შეადგენს 150 ლარს.