ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერით გამოცდაზე დაშვებული პირებისათვის

20 იანვარი 2020

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვაქვეყნებთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის დავალებების ნიმუშებსა და მათი შეფასების სქემას.

(1) სისხლის სამართალი

ლიცენზიის გარეშე სააღსრულებო საქმიანობისთვის ნასამართლევი გელა შევიდა ოქროულობის მაღაზიაში და იმ მოტივით, რომ თითქოსდა სურდა ოქროს სამაჯურის შეძენა მოიზომა იგი, რის შემდეგაც სირბილით დატოვა მაღაზია და მიიმალა.მეორე დღეს აღნიშნულის შესახებ უთხრა მის მეუღლეს - თამარს და მეგობარ ნიკას. თამარმა ხსენებული სამაჯური ჩააბარა ე.წ. "ოქროს ბირჟაზე", აღებული 1000 ლარი კი გადასცა გელას. აღნიშნულიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ თამარი დააკავეს. გელამ, გაიგო რა თამარის დაკავების შესახებ, იფიქრა, რომ მასაც დააკავებდნენ, რის გამოც ნიკასგან შეიძინა ყალბი პასპორტი და გადაწყვიტა  დაეტოვებინა საქართველოს საზღვარი. მან აღნიშნული პასპორტი წარადგინა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, რა დროსაც მესაზღვრის მიერ ეჭვი იქნა შეტანილი პასპორტის ნამდვილობაში და გადამოწმების შემდეგ გელა დააკავეს.

დააკვალიფიცირეთ გელას, თამარის და ნიკას ქმედებები.

პასუხი დაასაბუთეთ.

 

(2) სისხლის სამართლის პროცესი

გამოძიების ადგილის მიხედვით, პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს პირის დაკავების თაობაზე. მოსამართლემ ჩაატარა სხდომა მხარეთა მონაწილეობით და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურორმა მოსამართლის განჩინება 48 საათში გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, სადაც მოსამართლემ 72 საათის ვადაში ზეპირი განხილვის გარეშე ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის მოსამართლის განჩინება. არსებობდა რა ბრალის წაყენებისათვის საკმარისი საფუძველი, გამომძიებელმა  პროკურორის თანხმობით გამოიტანა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რაც წაყენებული იქნა გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანიდან მე-18 საათზე. პროკურორმა გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგინა შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. სასამართლომ შუამდგომლობა განიხილა შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის ვადაში და ბრალდებულს არ შეუფარდა არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება. საქმის არსებითი განხილვის დროს დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხი იყო. სასამართლომ თავისი ინიციატივით შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა და იმავე განჩინებით გადაწყვიტა ბრალდებულისათვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი. მოსამართლემ განჩინებაში მიუთითა რომ განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლომ  განჩინებით იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადა დაადგინა ბრალდებულის სრულ გამოჯანმრთელებამდე.      

 

შეაფასეთ, გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება.

პასუხი დაასაბუთეთ.

 

(3) სამოქალაქო სამართალი

საცხოვრებელი სახლი თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მიშას, ნანას და პეტრეს. სახლი საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდებოდა მისი საბაზრო ღირებულება. თანამესაკუთრეთა ერთობლივი შეთანხმებით, მიშამ იკისრა ვალდებულება 45 000 ლარის ფარგლებში სახლისათვის სრულად ჩაეტარებინა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რის სანაცვლოდაც სხვა თანამესაკუთრეებს, რომელთაც ფინანსური სახსრები არ გააჩნდათ, შეეზღუდათ სახლით სარგებლობის უფლება, მიშას მიერ სახლის გაქირავებიდან შემოსავლის სახით 30 000 ლარის მიღებამდე.მიშამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა და სახლი გასაქირავებლად მოამზადა, რის შემდეგაც თანამესაკუთრეებისათვის ცნობილი გახდა, რომ ტერიტორიაზე სადაც სახლი იდგა უნდა გაევლო ახალ საავტომობილო გზას. საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოხდა სახლის სასყიდლის გადახდის პირობით ჩამორთმევა, ხოლო გასაცემი სასყიდლის/კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა 210 000 ლარით, რომლიც დეპონირებულ იქნა და განთავსდა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. ნანამ და პეტრემ მიმართეს ნოტარიუსს დეპონირებული ფულიდან თითოეულის კუთვნილი წილის 70 000 – 70 000 ლარის გადაცემის მოთხოვნით.  ნოტარიუსმა ნანას და პეტრეს მოსთხოვა თანამესაკუთრე მიშას სავალდებულო თანხმობა ფულის გასანაწილებლად. მიშამ უარი განაცხადა დეპონირებული ფულის გასანაწილებლად  თანხმობის გაცემაზე თანამესაკუთრეთა წილების შესაბამისად და მოითხოვა დეპონირებული ფულის მთლიანად მისთვის გადაცემა 30 000 ლარის ოდენობით შემოსავლის მიღებამდე. ნოტარიუსმა უარი უთხრა ნანას და პეტრეს დეპონირებული ფულიდან მოთხოვნილი წილის გაცემაზე, ხოლო მიშას დეპონირებული ფულის სრულად გადაცემაზე.

მოცემულ ფაქტებზე/გარემოებებზე დაყრდნობითა და შესაბამისი სამართლის ნორმებზე მითითებით დაასაბუთეთ:

1. რამდენია თითოეული თანამესაკუთრის წილი სახლში?

2. უნდა მიეღოთ თუ არა თითოეულ თანამესაკუთრეს სარემონტო ხარჯებში მონაწილეობა და  რა ოდენობის ფულადი სახსრებით?

3. კანონშესაბამისია თუ არა თანამესაკუთრეთა შეთანხმება სარემონტო ხარჯების ერთი თანამესაკუთრის მიერ გაწევის სანაცვლოდ სხვა თანამესაკუთრეთათვის სახლით სარგებლობის შეზღუდვა?

4. რა პრინციპით უნდა განაწილდეს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული დეპონირებული საკომპენსაციო თანხა?

5. რა ოდენობით ფული შეხვდება თითოეულ თანამესაკუთრეს საკომპენსაციო თანხიდან ერთ - ერთი თანამესაკუთრის მიერ სარემონტო ხარჯების გაწევის გათვალისწინებით?

 

(4) სამოქალაქო სამართლის პროცესი

ბერიძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში კაპანაძის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4 000 ლარის გადახდის მოთხოვნით. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სასამართლომ ბერიძის სარჩელი განსახილველად მიიღო. მოპასუხემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში წარმოადგინა შესაგებელი, სადაც  უთითებდა, რომ სარჩელს არ ცნობდა. მოპასუხის განმარტებით, არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქმეზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რომელიც არ იყო კანონიერ ძალაში შესული. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ დაურთო შესაგებელს. სასამართლოს განჩინებით მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 20 თებერვალს 18:30 საათზე. სასამართლოს სხდომაზე ორივე მხარე გამოცხადდა. მოპასუხემ განაცხადა, რომ მთელი დღე იყო რა სამსახურში, ძალიან დაიღალა, რის გამოც უარს ამბობდა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე და დატოვა სხდომის დარბაზი. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეს გაეგზავნა 2018 წლის 28 თებერვალს და ადრესატს ჩაბარდა 2018 წლის 2 მარტს. ვინაიდან 2018 წლის 12 მარტი იყო კვირა დღე, კაპანაძემ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სასამართლოში წარადგინა 2018 წლის 13 მარტს. სასამართლომ დასაშვებად ცნო საჩივარი და მისი ზეპირი განხილვა დანიშნა 2018 წლის 25 მარტს. სასამართლოს სხდომის შესახებ კაპანაძეს უწყება გაეგზავნა შესაგებელში მითითებულ მისამართზე, თუმცა მის ჩაბარებაზე კაპანაძის მეუღლემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ თავად კაპანაძე მთაში იყო წასული ლაშქრობაში და მასთან დაკავშირება შეუძლებელი იყო. 2018 წლის 25 მარტს სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ მოსარჩელე, რომელმაც იშუამდგომლა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა და გამოიტანა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 000 ლარის და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 100 ლარის გადახდა.

მოცემულ ფაქტებზე/გარემოებებზე დაყრდნობითა და შესაბამის სამართლებრივ  ნორმებზე მითითებით  მოახდინეთ სასამართლოს მიერ  არასწორად განხორციელებული საპროცესო მოქმედებ(ებ)ის იდენტიფიცირება:

1. სხდომის დანიშვნის ეტაპზე;

2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ეტაპზე;

3. საჩივრის მიღებისა და განხილვის ეტაპზე;

4. პროცესის ხარჯის ოდენობისა და მისი განაწილების საკითხზე.

 

(5) ადმინისტრაციული სამართალი

2018 წლის 1 მაისს მათემ გაცხადებით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ მოხელეს და მოითხოვა ეცნობებინათ მისთვის, თუ 2017 წლის მდგომარეობით საქართველოში სად მდებარეობდა მეწყერსაშიში ზონები. სამინისტრომ განიხილა რა განცხადება, 10 მაისს უარი უთხრა ინფორმაციის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ეს ინფორმაცია უკვე იყო გამოქვეყნებული სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ასევე, აღნიშნული საკითხის კიდევ ერთხელ სრულყოფილი შესწავლა და პასუხის გაცემა გამოიწვევდა თითქმის მთელი სამინისტროს პარალიზებას. მათემ აღნიშნულ პასუხზე წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, რომელმაც განიხილა რა საჩივარი, გამოსცა ადმინისტრაციული აქტი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

მოცემულ ფაქტებზე/გარემოებებზე დაყრდნობითა და შესაბამისი სამართლის ნორმებზე მითითებით:

1. იმსჯელეთ მოთხოვნილი ინფორმაციის სამართლებრივ ბუნებაზე.

2. ვალდებულია თუ არა სამინისტროს მოხელე სრულყოფილად გასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია? პასუხი დაასაბუთეთ.

3. იმსჯელეთ ინფორმაცის გაცემის/გაუცემლობის ვადებზე. პასუხი დაასაბუთეთ.

4. იმსჯელეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის აქტის სამართლებრივ ბუნებაზე. პასუხი დაასაბუთეთ.

 

(6) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი

შპს „არწივმა“ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ხელშეკრულების  ბათილად ცნობა, რომლითაც ლევანზე განხორციელდა ქ. ქუთაისში არსებული ყოფილი ზოოპარკის შენობის პრივატიზაცია. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმე განსჯადობით გადააგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ მოტივით, რომ მოპასუხე ორგანიზაცია მდებარეობდა თბილისში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ დანიშნა განმწესრიგებელი სხდომა, რომელზეც მიიღო განჩინება სარჩელის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და შეწყვიტა საქმის წარმოება, ვინაიდან  მოსარჩელის კანონიერ ინტერესს არ ადგებოდა ზიანი. აღნიშნული განჩინება მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო სასამართლომ იმ მოტივით, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო, გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დააკმაყოფილა სარჩელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

არსებულ ფაქტებზე/გარემოებებზე დაყრდნობით:

1. იმსჯელეთ სარჩელის ტერიტორიულ განსჯადობაზე.

2. შეაფასეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ქმედების კანონიერება, სარჩელის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით.

3. იმსჯელეთ სააპელაციო სასამართლოს ქმედებების კანონიერებაზე.

4. განსაზღვრეთ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.

 

(7) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები

2005 წელს ქალაქ კასპში აშენდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშვებელი ქარხანა, რომელიც ყოველდღიურად ანადგურებდა ნარჩენებს დაწვის გზით. ქარხნის მუშაობის პროცესში საკვამურებიდან გამოიყოფოდა მავნე ნივთიერებები, რომელიც ჰაერისა და ნიადაგის გარდა აბინძურებდა ქალაქის მიმდებარე მდინარეს. ღამით ქარხნის მუშაობა იწვევდა შეუჩერებელ ხმაურს და არღვევდა მაცხოვრებელთა მყუდროებას.ექსპერტთა დასკვნით დადგინდა, რომ იმ ნივთიერებების წვა, რომელსაც ქარხანა გადასამუშავებლად იყენებდა, ასევე, თვით ნარჩენთა წვით გამოყოფილი ნივთიერებები, საფრთხეს უქმნიდა არამარტო კასპის ტერიტორიას, არამედ მისგან დაშორებული ტერიტორიის მოსახლეობასაც.2006 წლიდან მოსახლეობა სარჩელით ითხოვდა ქარხნის ფუნქციონირების შეჩერებას.სახელმწიფომ არ შეასრულა მომჩივანთა მოთხოვნა, რადგან ქარხანას ჰყავდა კერძო მესაკუთრე.2007 წლის დეკემბერში მოსახლეობის ნაწილმა, რომლებიც შესაბამისი ექსერტიზის დასკვნებით ამტკიცებდნენ გამონაბოლქვის შედეგად  ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე, სარჩელით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კონვენციით გათვალისწინებული უფლების სავარაუდო დარღვევის დადგენის მოთხოვნით.

არსებულ ფაქტებზე/გარემოებებზე დაყრდნობით:

1. იმსჯელეთ დაცული სფერო - სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ქმედებები, კონვენციით გათვალისწინებულ რომელ უფლებას შეეხება.

2. იმსჯელეთ დაცული უფლების მოცულობაზე, სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებზე.

 

(8) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 თებერვლის ბრძანებით ბატონ ტომასს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. მას ბრალად ედებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის  - ყაჩაღობის ჩადენა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მოახდინა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ციტირება - „არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოზე“ და განმარტა, რომ ბრალდებულის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებისა და მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის გამო მაღალი იყო ტომასის მიმალვის საფრთხე. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ დაცვის მხარემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთი და ვერაფრით გააქარწყლა ტომასის მიმალვის გონივრულად მაღალი საფრთხე.2008 წლის 11 თებერვლიდან ტომასი განთავსებული იყო სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში, სადაც სანიტარული და ჰიგიენური პირობები არ იყო სახარბიელო. რვა კაციან საკანში იმყოფებოდა თექვსმეტი პატიმარი, მათ შორის ორი ტუბერკულოზის მწვავე ფორმით დაავადებული. საკანი იყო ბნელი და ნესტიანი. ტომასი 39 გრადუსი სიცხით 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და სამედიცინო ბლოკიდან მხოლოდ სიცხის დამწევ მედიკამენტებს იღებდა. იგი მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო დაწესებულებაში, რაც გონება სამჯერ დაკარგა და კანზე აღენიშნებოდა „ჩირქოვანი“ გამონაყარი. ტომასს დაესვა დიაგნოზი: „C ჰეპატიტი“ და „ტუბერკულოზი“. ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი სიცხის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ტომასი დააბრუნეს სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში, რომლის სამედიცინო ბლოკშიც შესაბამისი პროფილის ექიმი არ მუშაობდა. ტომასი მდგომარეობის გამწვავების გამო 10 დღეში კვლავ მოხვდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო დაწესებულებაში. დადგენილია, რომ ტომასი „C ჰეპატიტით“ და „ტუბერკულიოზით“ დაავადდა პენიტენციურ დაწესებულებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის  (სტანდარტების) შესაბამისად:

1. შეაფასეთ განხორციელებული მოქმედებები და მიღებული გადაწყვეტილებები კონვენციით დაცულ რომელ უფლებებს შეეხება (დაცული სფერო). 

2. იმსჯელეთ სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების შესახებ.

3. იმსჯელეთ კონვენციით დაცული უფლების (უფლებების) შესაძლო დარღვევის თაობაზე.

პასუხები დაასაბუთეთ.

 


შეფასების სქემა

(მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდისათვის)

შინაარსი

ქულა

მსჯელობა არის სრული და არგუმენტირებული. სწორი და ამომწურავი პასუხი აქვს გაცემული ყველა კითხვას.

5

პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა. მთლიანობაში მსჯელობა სწორია, თუმცა არასრული.

4

პასუხში ჩანს საკითხის ნაწილობრივი ცოდნა. მსჯელობა არ არის სრული, აკლია დავალების პირობის ერთზე მეტი კომპონენტი.

3

მოცემულია მხოლოდ ზედაპირული მსჯელობა, აკლია დავალების პირობის უმეტესი კომპონენტები.

2

დავალების პირობიდან მხოლოდ ერთია შესრულებული.

1

პასუხი არაადეკვატურია, გამოსაცდელი ვერ პასუხობს დავალების მოთხოვნებს.

0