ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებული პირებისათვის

16 იანვარი 2020

 

ვაქვეყნებთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის არჩევითპასუხიანი დავალებების ნიმუშებს სისხლის სამართალსა და სისხლის სამართლის პროცესში.

სისხლის სამართალი

მარტივი დავალება:

ლევანს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი, აქციზური მარკის გარეშე. საქონლის ღირებულებამ შეადგინა ათას ხუთას ორმოცდაათი ლარი.

ჩამოთვლილი პასუხებიდან მიუთითეთ ლევანის ქმედების სწორ სამართლებრივ კვალიფიკაციაზე:

ა. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა.

ბ. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

გ. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა დიდი ოდენობით.

დ. სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია.


საშუალო სირთულის დავალება:

16 წლის არასრულწლოვნის მიმართ არსებობდა კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძვლები. სასამართლომ დანაშაულისათვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, სასჯელის სახით განუსაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირა 1/3-ით და საბოლოოდ განუსაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?

ა. არა, რადგან კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნისას, მისი შემცირება დაუშვებელია.

ბ. დიახ, რადგან მოცემულ შემთხვევაში საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.

გ. დიახ, რადგან მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს სასჯელი უნდა შეემცირებინა1/3-ით.

დ. არა, რადგან მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს სასჯელი უნდა შეემცირებინა 1/4-ით.


რთული დავალება:

დავითი დაინიშნა ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორად. იგი სარგებლობდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით. მან დანიშვნიდან რამდენიმე თვეში დაიწყო მმართველი ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარება. ვინაიდან ხელისუფლებისგან იგი წინააღმდეგობას შეხვდა, მოითხოვა საქართველოდან იმ რეგიონის გამოყოფა და დამოუკიდებლობა, სადაც იგი გუბერნატორად იყო დანიშნული. აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად, მან მოუწოდა მოსახლეობას მხარში დადგომოდნენ მას და არ დამორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას.

დაკვალიფიცირეთ გუბერნატორის ქმედება:

. ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება.

. მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

. კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა.

. საქართველოსტერიტორიულიხელშეუხებლობისდარღვევა.

 

 

სისხლის სამართლის პროცესი

მარტივი დავალება:

თუ დაპატიმრებული ბრალდებული სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი ტრანსპორტირების განუხორციელებლობის გამო, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს:

ა. 5 დღისა.

ბ. 20 დღისა.

გ. 30 დღისა.

დ. 10 დღისა.


საშუალო სირთულის დავალება:

პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული დემეტრე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მას ძლიერ სტკიოდა თავი. გამომძიებელმა დემეტრეს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესამოწმებლად ექიმი არ მოიწვია.

სწორად მოიქცა თუ არა გამომძიებელი?

ა. არა, რადგან დემეტრე თავის ტკივილს უჩიოდა, რაც გამომძიებელს ავალდებულებდა მოეწვია ექიმი.

ბ. დიახ, რადგან დემეტრემ პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია.

გ. არა, რადგან დაკავებული დაკავებისთანავე უნდა შეამოწმოს ექიმმა მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დასადგენად.

დ. დიახ, რადგან ამგვარი შემოწმება თავად დემეტრეს არ მოუთხოვია.


რთული დავალება:

გამომძიებლის მიერ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებულ იქნა ავტომანქანის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები და თავად ავტომანქანა. პროკურორმა მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ.

რომელია მოსამართლის კანონიერი გადაწყვეტილება?

ა. შუამდგომლობის განხილვა არ მიიჩნია დასაშვებად.

ბ. სრულად დააკმაყოფილა შუამდგომლობა.

გ. არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა იმ მოტივით, რომ ასეთი ქმედება სასამართლოს კონტროლს არ საჭიროებს.

დ. კანონიერად ცნო ავტომანქანის ჩხრეკა, ხოლო ავტომანქანის ამოღება უკანონოდ.