ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია კენჭისყრის ჩატარების შესახებ!

19 ოქტომბერი 2017

2017 წლის 20 ოქტომბერს 11 საათზე გაიმართება კენჭისყრა თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ იმ მოსამართლეთა უვადოდ გასამწესებლად, რომლებმაც მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობითი განცხადებით.

აღსანიშნავია, რომ თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების მიზნით მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტმა განახორციელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით  დადგენილი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მოსამართლეების შესახებ მოიძია ინფორმაცია და ინფორმაციის მოძიების შედეგები 1 თვის ვადაში წარუდგინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ერთი თვის ვადაში სრულყოფილად შეისწავლეს მოძიებული ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები. შესწავლის პროცედურის დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეებთან ჩაატარა გასაუბრება, ხოლო გასაუბრების დასრულების შემდეგ, ყოველმა წევრმა დამოუკიდებლად შეავსო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმა.

გასათვალისწინებელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად, მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ კანდიდატს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია.

კანდიდატების სია.