ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თელავის რაიონულ სასამართლოში სტაჟიორთა მისაღები კონკურსი გამოცხადდა

10 თებერვალი 2012

სასამართლოში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვემდე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი.

სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.

სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა (სამომხმარებლო დონეზე) და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;

ე) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;

ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები;

ზ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.

"ე", "ვ" და "ზ" ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.



დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, თელავის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოშო (მის: ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. #41 ) უნდა წარმოადგინონ:



ა) განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;

ე) ორი რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირების მიერ;

ვ) ორი ფოტოსურათი (ზომით 3/4);



კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.



საბუთების წარდგენის ვადა განისაზღვრება განცხადების გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადით, 2012 წლის 24 თებერვლის ჩათვლით 10.00 საათიდან 18.00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.



კონკურსი ჩატარდება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით, განცხადების გამოქვეყნებიდან არაუადრეს სამი კვირისა.