ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისის საქალაქო სასამართლოში სტაჟიორთა კონკურსი გამოცხადდა

11 თებერვალი 2008
     მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარჩვევებისა და სრულყოფის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო სტაჟირების მსურველთათვის საბუთების მიღება.
     სტაჟირების კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს იურისტის კვალიფიკაცია. ასევე, უმაღლესი იურიდიული სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
    სტაჟიორები, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევიან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამივე (სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა) კოლეგიაში გაივლიან ექვსთვიან სტაჟირების კურსს, რომლის დასრულების შემდეგ მიიღებენ სერთიფიკატს.
    კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: კომპიუტერათან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); საქართველოს კონსტიტუციის; ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის; საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის #414 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქმისწარმოიების ერთიანი წესები” შესახებ დებულების; საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის; საქართველოს ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის; საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა.
     დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს საორგანიზაციო საკითხთა განყოფილებაში (მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, #6. ტელეფონი 877 29 35 14)უნდა წარმოადგინონ: პირადობის მოწმობა, CV, ორი ფოტო სურათი 3/4, რეკომენდაცია, ცნობა სასწავლებლიდან ან/ უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ
     განაცხადის ბლანკი გაიცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მიერ.
კონკურსი გაიმართება გასაუბრების ფორმით 2008 წლის 4 მარტს.