ამა წლის 21 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე-გიორგი მიქაუტაძე შემოვიდა წინადადებით ,,თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის №1/232 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რითაც, ახლებურად იქნება გააზრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა.
ზემოაღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენა გაპირობებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის-მამუკა ახვლედიანის მიერ (2012-2016 წლებში) განხორციელებული არაეფექტური მენეჯმენტით, რაც მკაფიოდ წარმოჩინდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციის დროს. სასამართლოში არსებული არაეფექტური მენეჯმენტის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს ის, რომ სასამართლოში არასწორად იყო გამოყენებული საშტატო ერთეულები, არ იყო განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი. კერძოდ, ცალკეულ შემთხვევებში, ერთსა და იმავე სამუშაოზე გამოყენებული იყო სხვადასხვა სტატუსის, კვალიფიკაციისა და ანაზღაურების მქონე თანამშრომლები და სხვა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის ახალი პროექტით ხდება სასამართლო სტრუქტურის ოპტიმიზაცია, რაც საშუალებას მისცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოველწლიურად დაიზოგოს ნახევარი მილიონი ლარი, რომლებიც წლების განმავლობაში არამიზნობრივად იხარჯებოდა და გამოიყენოს ის ყაირათიანად თბილისის საქალაქო სასამართლოს განვითარებისა და სწრაფი-ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფისათვის.