ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კომერციული დავების სპეციალიზაცია შეიქმნა

03 აგვისტო 2017

დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებში კომერციული დავების სპეციალიზაციის  შექმნის საკითხზე პრესკონფერენცია გამართა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისმოდა ბიზნესმენების და ინვესტორების უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ძვირადღირებული კომერციული დავების განხილვა შეფერხებებით მიმდინარეობდა. ამ პრობლემის  გადასაჭრელად 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2006 წლის 3 ოქტომბრის №1/92-2006 გადაწყვეტილებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიქმნა კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია, რომელიც 4 მოსამართლისგან დაკომპლექტდა: თამარ ბურჯანაძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი და სოსო ღურწკაია.

დასახელებული სპეციალიზაციის მოსამართლეები განიხილავენ სანივთო სამართლებრივ, სამეწარმეო სამართლებრივ, გაკოტრების საქმეებს და ვალდებულებით სამართლებრივ დავებს, რომელთა დავის საგანი აღემატება 500 000 ლარს.

,,ეს გადაწყვეტილება არის სასამართლოში მიმდინარე რეფორმების თანმხვედრი პროცესი და ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით სისტემაში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქტიურად უჭერს მხარს სასამართლოში მიმდინარე რეფორმებს  და  მზად არის  წვლილი შეიტანოს ამ პროცესში“ - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის შექმნით, მოსამართლეები უზრუნველყოფენ მსგავს დავებზე მართლმსაჯულების სისწრაფის და ხარისხის გაუმჯობესებას, გაიზრდება გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხი, დავები განხილულ იქნება მაქსიმალურად შემჭირდროვებულ ვადებში. ეს პროცესი საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკურ განვითარებას და ინვესტიციების განხორციელებას.

რთული კომერციული დავების განხილვა შესაბამის კვალიფიკაციას და ცოდნას მოითხოვს ამიტომ, ახლადშექმნილი კომერციული დავების სპეციალიზაციის მოსამართლეები ტრენინგებს გაივლიან.

,,მინდა ღიად განვაცხადო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მზად არის შეხვდეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მოისმინოს მათი ხედვები სასამართლოში არსებულ პრობლემებზე და მოახდინოს დროული რეაგირება მის მოსაგვარებლად“- განაცხადა  გიორგი მიქაუტაძემ.