2011 წლის 8–11 თებერვალს, უკრაინაში მართლმსაჯულების საკითხებზე USAID–ისა და უკრაინის მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა.
სემინარზე საქართველოდან ექსპერტებად მიწვეულები იყვნენ კახა კობერიძე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ინგა თოდრია – USAID ის პროექტის – ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და სამართლებრივი გაძლიერების საკითხების“ ექსპერტი. სემინარში მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის, უკრაინის სპეციალიზებული უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები, პარლამენტის წევრები, მეცნიერები, USAID– ისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები.
სემინარზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა კახა კობერიძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე – ,,სასამართლო სისტემის რეფორმა საქართველოში, მიღწევები და პერსპექტივები“. მისმა გამოსვლამ სემინარის მონაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. აღინიშნა, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა დიდი წარმატებით ხორციელდება და საქართველოს მიღწევები, როგორც დადებითი მაგალითი, გათვალისწინებულ უნდა იქნეს უკრაინაში სასამართლო რეფორმის მიმდინარეობისას.
იგეგმება უკრაინის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარეთა საქართველოში ვიზიტი – სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის გაცნობის და შემდგომი ორმხრივი თანამშრომლობის მიზნით.