2014 წლის 30 ივნისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე-საბჭოს წევრი ბატონი ზაზა მეიშვილი, საბჭოს წევრები - მერაბ გაბინაშვილი და ვახტანგ მჭედლიშვილი ვენეციის კომისიის წევრებს: ქალბატონ სლავიკა ბანიჩს, ევროსაბჭოს ექსპერტებს ბატონებს ვერშურის, ბორკოვსკის და ვენეციის კომისიის სამდივნოს იურისტს ბატონ ზია ტანიარს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას ეთხოვა მოსაზრებების წარმოდგენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. კერძოდ, ეს საკითხებია ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში, ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში და ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის საპროცესო კანონმდებლობაში შემუშავებული ცვლილებების პროექტები.
დელეგაციის წევრებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, რასთან დაკავშირებით მათ ამომწურავი პასუხი მიიღეს.
სამუშაო შეხვედრის განმავლობაში, დელეგაციის წევრები შეხვედრას გეგმავენ იმ სახელმწიფო ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩართული იყვნენ ზემოხსენებული ცვლილებების საჯარო განხილვაში.