ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად სამუშაო შეხევედრა გამართა

17 ივლისი 2017

სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიაზე და მისი აღსრულებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს, 15-16 ივლისს, ქობულეთში გამართულ ერთობლივ შეხვედრაზე, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასამართლო სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე და დაგეგმილ რეფორმებზე მოხსენება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გააკეთა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - კრისტიან ურსემ.

ორდღიანი ღონისძიება EU4Justice - სასამართლო მხარდაჭერის პროექტის და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით  გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, მაისში სასამართლო ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შიმუშავა სასამართლოს სისტემის რეფორმის 5 წლიანი სტრატეგიის დოკუმენტი და ორწლიანი სამოქმედო გეგმა. სამუშაო პროცესის  გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით იუსტიციის  უმაღლესმა საბჭომ ჩამოაყალიბა სტრატეგიული კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში წარმოდგენილები იყვნენ:  საერთო სასამართლოების მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნო, სახალხო დამცველი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი, ადვოკატთა ასოციაცია,  არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია და საერთაშორისო ორგანიზაციები.