ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გურჯაანის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განახლებული შენობა გაიხსნა

10 ივნისი 2016

2016 წლის 9 ივნისს გურჯაანის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განახლებული შენობა გაიხსნა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, საბჭოს წევრები, სსიპ საერთო სასამართლოების თავმჯდომარე შოთა ქარჩავა, ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე სასამართლოსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გურჯაანის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები. სასამართლოს შენობა აღიჭურვა უახლესი ტექნიკით, თანამედროვე საოფისე ავეჯითა და ინვენტარით.

სტუმრებმა დაათვალიერეს სასამართლოს განახლებული შენობა და მიმდებარე ტერიტორია, ასევე მოინახულეს სხდომის დარბაზები, მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო ოთახები. სასამართლოს შენობა სრულყოფილად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

გურჯაანის გაერთიანებული რაიონული სასამართლო 2011 წლის 2 დეკემბერს ამოქმედდა. მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.