ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა - საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

05 ივლისი 2019

 

 

„გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა“- დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ორგანიზებითა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით საერთაშორისო ფორუმი გაიმართა.

 

ღონისძიებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრნენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 

 „თემა შეეხება გამოხატვის თავისუფლებას და მათ შორის მოსამართლეების გამოხატვის თავისუფლებას. თითოეული მოქალაქის მსგავსად მოსამართლეებიც სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია,დაცული იყოს ბალანსი სამოსამართლეო ეთიკასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბუნებრივად გამოიწვია ის, რომ გამოხატვის თავისუფლებამ სხვადასხვა ფორმა მიიღო, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, თანამედროვეობას ფეხი ავუწყოთ და გვქონდეს შესაბამისი შეხედულებები და რეგულაციები, თუნდაც ეთიკის წესების სახით. რა მიმართულებით უნდა გადაიხედოს, ამაზე გვექნება მსჯელობა. ამ დოკუმენტს მოსამართლეთა კონფერენცია მიიღებს. ეს არის ურთიერთშეთანხმების და მოსამართლეების გადასაწყვეტი საკითხი, რადგან მოსამართლეთა კონფერენცია იღებს ჩვენთან ეთიკის საკითხებს“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან.

 

ფორუმის მიზანია გამოხატვის თავისუფლებასა და სამოსამართლო ეთიკაზე ცნობიერების ამაღლება, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. საერთაშორისო ფორუმში სასამართლო ხელისუფლების, მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები მონაწილეობდნენ. ღონისძიება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის, USAID-ის პროგრამის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით და ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ტარდება.