საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
გამოცდის ჩაბარების მსურველმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით, კერძოდ, ამავე გვერდის ქვედა მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის „ელექტრონული რეგისტრაციის“ მეშვეობით. სურვილის შემთხვევაში განაცხადის შეტანა შესაძლებელია, ასევე, მატერიალური ფორმით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამ შემთხვევაში საორგანიზაციო კომისიის წევრები უზრუნველყოფენ თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანას.
რეგისტრაციის შემდეგ მთავარ მენიუში - „საკვალიფიკაციო გამოცდა“-ში თქვენ იხილავთ სამივე სპეციალიზაციაზე გამოცხადებულ გამოცდას. ყველა სპეციალიზაციაზე მიბმულია განაცხადის შეტანა. ამოარჩიეთ თქვენთვის სასურველი სპეციალიზაცია და გააკეთეთ განაცხადი. განაცხადის შეტანის უფლების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში, პროგრამა არ მოგცემთ საშუალებას ხელმეორედ გააკეთოთ განაცხადი სხვა სპეციალიზაციაზე. გთხოვთ, დაფიქრდეთ სპეციალიზაციის არჩევისას.
განაცხადი შედგება 3 სექციისაგან: საიდენტიფიკაციო მონაცემები, საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და უმაღლესი განათლება.
პირველ სექციაში მარჯვენა მხარეს არსებული რედაქტირების ფუნქციით შეგიძლიათ შეცვალოთ ან განაახლოთ რეგისტრაციის დროს თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია.
მეორე სექციაში დამატების ფუნქციით შეიყვანეთ თქვენი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები.
მესამე სექციაში ასევე დამატების გზით შეავსეთ ყველა მითითებული ველი. არ დაგავიწყდეთ დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლის დასკანერებული ვერსიის ატვირთვა. ამასთან გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს“ და ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი ფორმით წარმოადგინოთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Google Chrome-ის ბრაუზერით.
რეგისტრაცია იწარმოებს 2014 წლის 15 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
გამოცდის საფასური შეადგენს 150 ლარს.