ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გამოცხადდა მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი

05 ოქტომბერი 2015

მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს.

2. მოქმედ მოსამართლეებს.

3. ყოფილ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებულნი იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე კონკურსის წესით და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ყოფილი მოსამართლეები, რომელთა უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 7 წელი.

მოსამართლედ არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, ასევე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღარ არსებობს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც პირი განთავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით. პირის დიპლომი თანდართული ნიშნების ფურცლით აიტვირთება განაცხადში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა განაცხადი უნდა შემოიტანოს ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით, კერძოდ, მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის „ელექტრონული რეგისტრაციის“ მეშვეობით. წინა კონკურსებზე დარეგისტრირებულმა მომხმარებლებმა უნდა ისარგებლონ უკვე არსებული ელექტრონული ფოსტის და პაროლის საშუალებით.

რეგისტრაციის შემდგომ ვაკანსიებში განთავსებულია ინფორმაცია, რომელზეც მიბმულია განაცხადის შეტანა. განაცხადი შედგება 7 სექციისაგან, რომელშიც უნდა შეივსოს მოთხოვნილი ინფორმაცია (რედაქტირებაზე ან ზოგიერთ შემთხვევაში დამატებაზე დაჭერის გზით). გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი და მხოლოდ ამის შემდეგ დააჭიროთ „განაცხადის შეტანას“. განაცხადის შეტანის უფლების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში (თუნდაც განაცხადი არ იყოს სრულყოფილად შევსებული), პროგრამა არ იძლევა საშუალებას ხელმეორედ გაკეთდეს განაცხადი. განაცხადში სავალდებულოა ფოტოს ატვირთვა.

განაცხადის შევსების ბოლო ეტაპზე „განაცხადის შეტანაზე“ დაჭერით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება, მის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების გადამოწმება/მოძიებას.

კანდიდატს შეუძლია შევიდეს განაცხადში და გაეცნოს წარმოსადგენ ინფორმაციას ან ნაწილობრივ შეავსოს, შემდეგ კვლავ დაუბრუნდეს და დაასრულოს შევსება. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პირმა არ უნდა გამოიყენოს „განაცხადის შეტანის“ ღილაკი და ისე გამოვიდეს განაცხადიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა შეტანილად მიიჩნევს განაცხადს და კანდიდატს არ მიეცემა მისი დასრულების შესაძლებლობა.

განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Internet Explorer-ის ან Google Chrome-ის ბრაუზერით.

ამასთან, კანდიდატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ელექტრონული ფორმით უნდა გადმოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა

2. ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/შრომის წიგნაკი

3. სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100)

4. ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ

მოსამართლეობის კანდიდატი უფლებამოსილია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგინოს (გადმოაგზავნოს ელექტრონულად) სამეცნიერო და სხვა პუბლიკაციები, მის მიერ მომზადებული მოხსენებების, კვლევების, სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების თუ სხვა პროექტების ასლები.

ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები და კანდიდატისათვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელ.ფოსტაზე: t.japaridze@hcoj.gov.get.magradze@hcoj.gov.ge; e.katamadze@hcoj.gov.ge.

რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 6 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით.

განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში კანდიდატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა წარადგინოს/ელექტრონულად გადმოაგზავნოს ცნობა საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე.

კონკურსის ეტაპებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას კანდიდატები მიიღებენ ელექტრონული ფორმით.

კონკრეტული ვაკანსიები იხილეთ ელექტრონული რეგისტრაციის დროს ან ბმულზე

პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:

32 227 31 00 (+) 128, 111 ან 116 (შიდა); 577 554421; 595 850395; 577 988884