ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გამოცხადდა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი

15 ოქტომბერი 2014

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აცხადებს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსს.

მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან. კერძოდ:

1. ყოფილ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებულნი იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე კონკურსის წესით და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ყოფილი მოსამართლეები, რომელთა უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 7 წელი.

2. პირებს, რომლებმაც გაიარეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილნი არიან იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მიუხედავად იმისა რა ვადით ეკავათ მათ მოსამართლის თანამდებობა ან სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნენ თუ არა მოსამართლის თანამდებობაზე.

მოსამართლედ არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის, კორუფციული სამართალდარღვევისა და დისციპლინური გადაცდომის (გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღარ არსებობს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც პირი განთავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან) ჩადენის გამო.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მატერიალური ფორმით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განაცხადი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელზე;

ბ) დიპლომის ასლი თანდართული ნიშნების ფურცლით;

გ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი ან ცნობა;

დ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ვ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ასლი;

ზ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, დედანთან ერთად;

თ) ორი ფოტოსურათი 3X4.

 

მოსამართლეობის კანდიდატმა  განაცხადის წარდგენიდან 7 დღის ვადაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა წარადგინოს ცნობა საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე.

 

მოსამართლეობის კანდიდატის მიერ კონკურსში მონაწილეობის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციას უნდა ერთვოდეს კანდიდატის თანხმობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტის შემოწმების, მათ შორის პერსონალური მონაცემების გადამოწმების/მოძიების თაობაზე.

 

 

მოსამართლეობის კანდიდატი უფლებამოსილია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგინოს სამეცნიერო და სხვა პუბლიკაციები, მის მიერ მომზადებული მოხსენებების, კვლევების, სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების თუ სხვა პროექტების ასლები.

 

მოსამართლეობის კანდიდატი უფლებამოსილია განაცხადი შეიტანოს ერთ ან რამდენიმე მისთვის სასურველ ვაკანსიაზე და რიგითობით განსაზღვროს პრიორიტეტი. კანდიდატს უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს სასურველი ვაკანტური ადგილი შესაბამისი განცხადებით მხოლოდ რეგისტრაციის ვადის განმავლობაში

 

რეგისტრაცია იწარმოებს 2014 წლის 15 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 10:00-დან 17:30 საათამდე (შესვენება 13:30-დან 14:30 საათამდე), მისამართი: თბილისი, ბოჭორმის ქ. 12.

უახლოეს ხანში შესაძლებელი იქნება განაცხადის წარდგენა ელექტორნული ფორმით. აღნიშნულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით სამუშაო დღეებში 17:00-დან 18:30 საათამდე, შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 227 31 00 (+) 111 ან 128

ან ნებისმიერ დროს ტელეფონზე: 227 31 09 (ავტომოპასუხეზე დაგვიტოვოთ თქვენი შეკითხვა, ვინაობა, ტელეფონის ნომერი და დაგიკავშირდებით)