მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან. კერძოდ:
1. ყოფილ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებულნი იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე კონკურსის წესით და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ყოფილი მოსამართლეები, რომელთა უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 7 წელი.
2. პირებს რომლებმაც გაიარეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილნი არიან იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მიუხედავად იმისა რა ვადით ეკავათ მათ მოსამართლის თანამდებობა ან სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნენ თუ არა მოსამართლის თანამდებობაზე.
მოსამართლედ არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით, კერძოდ, მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის „ელექტრონული რეგისტრაციის“ მეშვეობით. აღნიშნული უზრუნველყოფს კონკურსანტისთვის ინფორმაციის მოწოდებას კონკურსის ეტაპებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ელექტრონული ფორმით.
რეგისტრაციის შემდგომ ვაკანსიებში თქვენ იხილავთ თქვენთვის სასურველ ვაკანსიას, რომელზეც მიბმულია განაცხადის შეტანა. განაცხადი შედგება 6 სექციისაგან, რომელშიც უნდა შეიტანოთ მოთხოვნილი ინფორმაცია (რედაქტირებაზე ან ზოგიერთ შემთხვევაში დამატებაზე დაჭერის გზით). გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ აპლიკაცია და მხოლოდ ამის შემდეგ დააჭიროთ განაცხადის შეტანას. განაცხადის შეტანის უფლების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში (თუნდაც აპლიკაცია არ იყოს სრულყოფილად შევსებული), პროგრამა არ მოგცემთ საშუალებას ხელმეორედ გააკეთოთ განაცხადი. გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ, ასევე, ფოტოს ატვირთვა.
იხილეთ ვაკანსიები აქ და ასევე, ელექტრონული რეგისტრაციისას.
განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Internet Explorer-ის ან Google Chrome-ის ბრაუზერით.
რეგისტრაცია იწარმოებს 2014 წლის 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით.