ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობა გაიხსნა

30 ოქტომბერი 2017

2017 წლის 30 ოქტომბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობა გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ: უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე, შოთა ქარჩავა, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, საერთაშორისო ორგანიზაციების, სასამართლოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ბორჯომის მაგისტრატი სასამართლო მდებარეობდა ძველი სასამართლოს შენობაში (რომელიც 80-იანი წლების შემდგომ არ გარემონტებულა) ბორჯომის შემოსასვლელში, რაც არახელსაყრელი იყო როგორც სასამართლოსთვის ასევე მოქალაქეებისთვის. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, ახალი შენობა აშენდა ბორჯომის ცენტრში და ახლა ადვილად ხელმისაწვდომია სასამართლო სერვისის მიღების ყველა მსურველისთვის.

ახალი შენობის გეოგრაფიული და სტრატეგიული მდებარეობის გამო, I სართულზე მოეწყო საკონფერენციო დარბაზი, სადაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს მოსამართლეთა ტრეინინგები და სემინარები. შენობაში, ასევე, მოეწყო სასამართლო სხდომის დარბაზი, საბადრაგოები, არქივი, საქმის გასაცნობი ოთახი,  მოსამართლის და სასამართლოს აპარატის სამუშაო ოთახები, რომლებიც აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. შენობის შესასვლელში მოეწყო პანდუსი შ.შ.მ. პირთათვის. კეთილმოეწყო და გამწვანდა სასამართლოს ეზო.

სტუმრებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის განახლებული ინფრასტრუქურა.

ბორჯომის მაგისტრატი სასამართლო ამოქმედდა 2009 წლის 21 აპრილს და იგი შედის ახალციხის რაიონული სასამართლოს  სამოქმედო ტერიტორიაში.