მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ბათუმის საქალაქო სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.
სასამართლოში სტაჟირების ვადაა 6 (ექვსი) თვე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე.
სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებითა და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა კურსის სტუდენტი.
სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სამომხმარებლო დონეზე კომპიუტერთან მუშაობისა და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;
ე) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები;
ზ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.
„ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის №30, ტელ: 7-97-55, 7-97-33) უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე);
ბ) ავტობიოგრაფია ან CV;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ე) ორი რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირების მიერ;
ვ) ორი ფოტოსურათი (ზომით 3/4);
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
საბუთების წარდგენის ვადა განისაზღვრება განცხადების გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადით - 2011 წლის 03 ოქტომბრიდან 2011 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, 09.30 საათიდან 20.00 საათამდე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, განცხადების გამოქვეყნებიდან არაუადრეს 3 კვირისა.