2011 წლის 21 თებერვალს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხუთმა ახალმა მოსამართლემ: ნინო ყანჩაველმა, ლაურა მიქავამ, შოთა გეწაძემ, ამირან ძაბუნიძემ და შორენა წიქარიძემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე მოსამართლის ფიცი დადეს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ვალერი ცერცვაძემ ახლადდანიშნულ მოსამართლეებს დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ, 14-თვიანი სწავლების კურსი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარეს. მათგან ოთხი წლების მანძილზე სასამართლო სისტემაში მუშაობდა, ერთი კი პროკურატურაში.
ფიცის დადების შემდეგ მოსამართლეები თბილისის და საქართველოს რეგიონების სასამართლოებში შეუდგებიან მოვალეობის შესრულებას.
მოსამართლის ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.