უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ნარკოლოგიური ცნობები უნდა წარადგინონ
ნოემბერი 9, 2020

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატად რეგისტრირებულმა პირებმა 2020 წლის 12 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით საბჭოს უნდა წარუდგინონ საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა კანდიდატის მიერ წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ კანდიდატი დადგენილ ვადაში არ წარადგენს თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციის წარდგენის შესახებ ცნობას ან ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას, მისი კანდიდატად რეგისტრაცია უქმდება.

თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების შესახებ კანდიდატებთან კომუნიკაცია განხორციელდება ინდივიდუალურად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ.