უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
დეკემბერი 20, 2017

20 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის (2013 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით) პრეზენტაცია გაიმართა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2013-2017 წლის შემადგენლობამ მნიშვნელოვნად მიიჩნია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნებისთვის მსგავსი ანგარიშის მომზადება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრებმა, ანგარიშის მიხედვით, წარმოადგინეს პრეზენტაციები საბჭოს საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისა და ასევე გამოწვევების თაობაზე. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ევა გოცირიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის თაობაზე. თამარ ალანიამ ისაუბრა ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფის შესახებ, ყოფილმა წევრებმა კახა სოფრომაძემ და შოთა გეწაძემ ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის საკითხებზე გააკეთეს მოხსენება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ვახტანგ თორდიამ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის შესახებ ესაუბრა დამსწრე აუდიტორიას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიში 2013-2017წწ. (ქართული)

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიში 2013-2017წწ. (ინგლისური)