შენიშვნები სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით
ოქტომბერი 18, 2019

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების: თამარ ონიანის, დიმიტრი გვრიტიშვილის, ირაკლი ბონდარენკოს, ლევან გზირიშვილის, ვასილ მშვენიერაძის, სერგო მეთოფიშვილის, ირაკლი შენგელიას, რევაზ ნადარაიას, შოთა ქადაგიძის და ზაზა ხარებავას შენიშვნები ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის მონიტორინგის“ შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშზე

განსახილველი ანგარიში შეიცავს როგორც ფაქტობრივ უზუსტობებს, ისე - ფაქტების არასწორ შეფასებებს. საზოგადოებას წარვუდგენთ შენიშვნებს ამ უზუსტობებისა და შეფასებების შესახებ.

1. ზოგად შეფასებასთან დაკავშირებით:

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ,,საზოგადოებრივ ყურადღებას [..შერჩევის პროცესისადმი..] ფონად გასდევდა დაბალი ნდობა მართლმსაჯულების სისტემისა და კონკრეტულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ“; სქოლიოში კი ამ შეფასების საფუძვლად მითითებულია ვენეციის კომისიის 2019 წლის 16 აპრილის დასკვნაზე.

დავას არ უნდა იწვევდეს ის ფაქტი, რომ არც საქართველოს სახალხო დამცველი და არც ვენეციის კომისია წარმოადგენენ საზოგადოებრივი აზრის უტყუარ მკვლევარ ორგანიზაციებს, მათ აბსოლუტურად სხვა მანდატი გააჩნიათ. მათგან განსხვავებით, ორგანიზაციები ,,Ipsos France“ (ავტორიტეტული, მსოფლიოში მე-3 ადგილზე მყოფი კვლევითი ორგანიზაცია), „Amicus Curiae“, პროფესორი იან ვან დაიკი და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი „გორბი“ სწორედაც ამგვარ საკითხებზე მუშაობენ, მიუკერძოებლად და კვალიფიციურად. ამ სუბიექტებისგან შემდგარმა კონსორციუმმა ჩაატარა კვლევა და 2019 წელს გამოაქვეყნა მისი შედეგები, კერძოდ:

- რესპონდენტთა 51% საქართველოს სასამართლო სისტემას მოსამართლეებისა და სასამართლოების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით კარგად აფასებს;

- მოსახლეობის 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სანდო;

- დებულებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სამართლიანი, ეთანხმება რესპონდენტთა 55%;

- სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, რესპონდენტთა 52%-ის აზრით, ხელი შეუწყო სერვისების გაუმჯობესებას, ხოლო 49%-ის აზრით, სასამართლო გახადა უფრო ღია და გამჭვირვალე.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ეს მონაცემები მიახლოებულია ,,ევრობარომეტრის“ მიერ 2018 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული, ანალოგიური კვლევის შედეგებთან და, შესაბამისად, ეს არის მიღწევა საქართველოს სასამართლოსათვის.

ამიტომ, სადავო დასკვნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობს ,,სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების დაბალი ნდობის პირობებში“, არის მცდარი, დაუსაბუთებელი შეფასება.

2. კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ:

2.1. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის სხდომას, საბჭოს მდივნის - გიორგი მიქაუტაძის მიერ თვითაცილების გაცხადების შემდეგ, წარუძღვა საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი, ისე, რომ საბჭოს ამის შესახებ გადაწყვეტილება კენჭისყრით არ მიუღია.

არსებობს აღნიშნული სხდომის ამსახველი აუდიო და ვიდეო-ჩანაწერები, რომლებითაც დასტურდება, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჩაატარა კენჭისყრა და ისე მიიღო დიმიტრი გვრიტიშვილისათვის სხდომის გაძღოლის უფლებამოსილების დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება. ამიტომ, სახალხო დამცველის მიერ მითითებული დარღვევა არ არსებობს.

2.2. ანგარიშის ,,ძირითად მიგნებებში“, ასევე - ,,იურიდიული განათლების მოთხოვნასთან კანდიდატების შესაბამისობაში“ საუბარია 5 კანდიდატზე (ზაზა თავაძე, შალვა თადუმაძე, მირანდა ერემაძე, გიორგი ტყავაძე, შოთა ლაითაძე), ,,რომელთა მიერ უმაღლესი იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ხარისხით ქონა სათანადოდ არ არის დადასტურებული ან სერიოზულ კითხვებს წარმოშობს“.

აღნიშნულ კანდიდატებთან დაკავშირებული ფაქტების ინდივიდუალურ შეფასებამდე, ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შემდეგ ნორმებზე:

- ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: მოსამართლეობის კანდიდატის ერთ-ერთი საკვალიფიკაციო მოთხოვნაა - გააჩნდეს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით;

- ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-4 პუნქტი: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი აკმაყოფილებს მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

- ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;

- ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტი: 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.

2.2.1. მირანდა ერემაძე:

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ მირანდა ერემაძეს სასამართლო გადაწყვეტილებით უკანონოდ და დაუსაბუთებლად ეღიარა მაგისტრის აკადემიური ხარისხის ფლობა, რადგან იგი ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში სწავლობდა 1991-1995 წლებში, ე.ი. - გავლილი აქვს მხოლოდ ერთსაფეხურიანი, 4-წლიანი სასწავლო პროგრამა.

სახალხო დამცველის დასკვნა მცდარია, შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე #3/7740-15), რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 25 მაისს, დადგენილია, რომ მირანდა ერემაძის მიერ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში 4-წლიანი სწავლების შედეგად მიღებული იურიდიული განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძირითადად დაეფუძნა შემდეგ მოტივაციას: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რომელიც 2005 წლის 13 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგია, ფაქტობრივად ზღუდავს 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 4-წლიანი სწავლების შედეგად მიღებული იურიდიული განათლების მქონე პირს - დაიკავოს მოსამართლის თანამდებობა; არადა, ამ ცვლილებამდე, ეს უფლება აღნიშნულ პირებს გარანტირებული ჰქონდათ. ამდენად, სადავო ნორმამ გააუარესა ამგვარი პირების სამართლებრივი მდგომარეობა, რაც ეწინააღმდეგება კანონის უკუძალის აკრძალვის საერთო პრინციპს. სწორედ ამიტომ, სასამართლომ უარი თქვა სადავო ნორმის გამოყენებაზე მირანდა ერემაძის მიმართ.

სახალხო დამცველი აკრიტიკებს სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, უწოდებს მას ,,დაუსაბუთებელს“, ,,აბსურდულს“ და სხვა. ფაქტი ერთია: ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, შესასრულებლად სავალდებულოა.

შესაბამისად, ჩაითვალა, რომ მირანდა ერემაძე აკმაყოფილებდა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ საკვლიფიკაციო მოთხოვნებს, რის გამოც მივიღეთ კანონიერი გადაწყვეტილება მისი კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ.

დამატებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადებულმა მირანდა ერემაძემ წარმოადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საჰინ ქუშ (Şahin Kuş) თურქეთის წინააღმდეგ“ (#33160/04), სადაც ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც აპლიკანტს გაუუქმდა 4 წლის წინათ იმავე უწყებების მიერ განხორციელებული განათლების ხარისხის აღიარება და შეეზღუდა მასწავლებლად მუშაობის უფლება.

ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ უფლებაში ამგვარი ჩარევით აპლიკანტის პროფესიონალური ვითარება მკვეთრად გაუარესდა, ისე, რომ არ ყოფილა კონკრეტული ბრალდებაც კი მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების თაობაზე. ჩარევამ წარმოშვა დაუშვებელი ხარისხის პროფესიული და პირადი ხასიათის გარკვევლობა აპლიკანტისათვის, რომელსაც ჰქონდა საფუძვლიანი რწმენა, რომ უფლებამოსილი იყო - ემუშავა მასწავლებლად, სამართლებრივად ასე დაეგეგმა პროფესიული კარიერა და, იმავდროულად, პირადი ცხოვრებაც.

შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ჩარევა არ იყო გამართლებული მწვავე საზოგადოებრივი საჭიროებით და არ იყო ლეგიტიმური მიზნების პროპორციული; ამიტომ, ეს ჩარევა არ ყოფილა აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებისათვის. შედეგად, ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.

ეს საქმეც მიუთითებს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე იმ მოქმედ მოსამართლეთათვის, რომელთაც 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე არსებული წესებით მიღებული აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება თუნდაც 4-წლიანი სასწავლო პროგრამის შედეგად და ასე განწესდნენ მოსამართლის თანამდებობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცედურაში მონაწილეობის აკრძალვა უნდა ჩაითვალოს ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად, რასაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაუშვებს.

2.2.2. ზაზა თავაძე:

სახალხო დაცველი მიუთითებს, რომ ზაზა თავაძეს გააჩნია სამართლის მხოლოდ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მაგისტრის აკადემიური ხარისხი მას მინიჭებული აქვს მხოლოდ საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირებაში, რის გამოც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იგი კანდიდატადაც კი არ უნდა დაერეგისტრირებინა.

სახალხო დამცველის ეს დასკვნა მცდარია შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ზაზა თავაძე საქართველოს ღია ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1992-1996 წლებში სწავლობდა; ამიტომ, მისი უფლება - დარეგისტრირებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლოების კანდიდატის შესარჩევ პროცედურაში კანდიდატად, ზემოთ (2.2.1 პუნქტში) აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებების მოტივაციით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ვერ შეიზღუდებოდა.

გარდა ამისა, როცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მსჯელობდა ზაზა თავაძის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, ცნობილი იყო, რომ იგი არის დოქტორანტი სამართლის მიმართულებით. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 1-ლი პუნქტიდან გამომდინარე, მივიჩნიეთ, რომ შეუძლებელი იყო - სამართლის სადოქტორო პროგრამაზე ზაზა თავაძე დაშვებული ყოფილიყო მაგისტრის აკადემიური ხარისხის გარეშე და, შესაბამისად, ჩაითვალა, რომ იგი აკმაყოფილებდა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ საკვლიფიკაციო მოთხოვნებს, რის გამოც მივიღეთ კანონიერი გადაწყვეტილება მისი კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ.

2.2.3. შალვა თადუმაძე:

ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტის მიერ გაცემული დიპლომის თანახმად, აღნიშნულ დაწესებულებაში შალვა თადუმაძე სწავლობდა 1993-1998 წლებში და მას მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შალვა თადუმაძე აკმაყოფილებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის რეგულაციის მოთხოვნას იმ თვალსაზრისით, რომ მისი დიპლომი ჩაითვალოს მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებულად.

სახალხო დამცველი გამოთქვამს ეჭვს, რომ 1993 წელს შალვა თადუმაძე ვერ დაიწყებდა სწავლას უმაღლეს სასწავლებელში, რადგან იყო 15 წლის; ამასთან - ამ დაწესებულებამ საგანმანათლებლო ლიცენზია მოიპოვა 1994 წელს; ხოლო ის საფირმო სახელწოდება, რომელიც აღნიშნულია 1998 წელს გაცემულ დიპლომში, დაწესებულებამ, სასამართლოს დადგენილების საფუძველზე დარეგისტრირებული ცვლილებით, შეიძინა 2003 წელს.

თავად კანდიდატი განაცხადში მიუთითებდა, რომ ინსტიტუტში სწავლობდა 1994-1998 წლებში; თუნდაც ჩავთვალოთ, რომ შალვა თადუმაძეს გავლილი აქვს 4-წლიანი სასწავლო პროგრამა, ზემოთ (2.2.1 პუნქტში) აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებების მოტივაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ შეუზღუდავდა მას კანდიდატად რეგისტრაციის უფლებას.

რაც შეეხება ინსტიტუტის საფირმო სახელწოდებას. კანდიდატმა განმარტა, რომ ამ სახელწოდებით ინსტიტუტი 2003 წლამდეც ოპერირებდა, მეწარმეთა რეესტრში ამ სახელწოდების ასახვამდე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე საბჭოს წევრმა ვასილ მშვენიერაძემ წარმოადგინა ,,თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის“ 1997 წლის 25 ოქტომბრის სხდომის #7 ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ სხდომაზე, სადაც ესწრებოდნენ ინსტიტუტის დამფუძნებლები, რექტორატის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებელთა 90%, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტს დარქმეოდა ,,ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“, რის თაობაზეც წარდგინება განხორციელებულიყო განათლების სამინისტროში.

აღმოჩნდა, რომ იმავე ინსტიტუტდამთავრებული და სახალხო დამცველისადმი ლოიალურად განწყობილი სხვა, მაღალ თანამდებობაზე განწესებული პირებიც მოიძებნებიან (მაგ: ნაზიბროლა ჯანეზაშვილი), რომელთა კვალიფიკაციასა და დიპლომის ნამდვილობაზე სახალხო დამცველი ეჭვებს არ გამოთქვამს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩავთვალეთ, რომ შალვა თადუმაძე აკმაყოფილებდა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ საკვლიფიკაციო მოთხოვნებს, რის გამოც მივიღეთ კანონიერი გადაწყვეტილება მისი კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ.

2.2.4. გიორგი ტყავაძე:

დადგენილია, რომ გიორგი ტყავაძე 1996-2001 წლებში სწავლობდა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტში. ამდენად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის რეგულაციის თვალსაზრისითაც კი, ვერ შევიტანდით ეჭვს მისი დიპლომის მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების გარემოებაში. შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ გიორგი ტყავაძე აკმაყოფილებდა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ საკვლიფიკაციო მოთხოვნებს და მივიღეთ კანონიერი გადაწყვეტილება მისი კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ.

ამის საპირისპიროდ, სახალხო დამცველმა არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ პროცედურაში კანდიდატად რეგისტრაციის, არამედ - 2015 წელს გიორგი ტყავაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის კანონიერებაც კი დააყენა ეჭვქვეშ. არადა, 2015 წელს მოსამართლედ დანიშვნა არანაირ კავშირში იყო ხსენებულ პროცედურაში კანდიდატად რეგისტრაციასთან.

გარდა ამისა, სახალხო დამცველმა ფაქტები ისე წარმოაჩინა, თითქოს გიორგი ტყავაძემ 2017 წლის 3 ოქტომბერს წამოიწყო სასამართლო დავა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის წინააღმდეგ და, პირადი კავშირების არასათანადოდ გამოყენების შედეგად, 10 კალენდარული დღის ვადაში მიაღებინა სასამართლოს გადაწყვეტილება მისი დიპლომის ნამდვილობისა და მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების აღიარების თაობაზე, რათა გაადვილებოდა 2017 წლის 16 ოქტომბერს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა და მოსამართლედ დანიშვნა უვადოდ.

ამას დაემატა სახალხო დამცველის მოკავშირე-მეგობრის და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის - გიორგი მშვენიერაძის 2019 წლის 8 ოქტომბრის საჯარო განცხადება ფეისბუქ-გვერდზე, რომ გიორგი ტყავაძეს არ გააჩნია მაგისტრთან გათანაბრებული განათლების ხარისხი, რის გამოც მოსამართლის თანამდებობას არ უნდა იკავებდეს.

არადა, რეალური ფაქტები შემდეგია:

გიორგი ტყავაძემ 2017 წლის 3 ივნისს მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს და მოსთხოვა მისი დიპლომის ნამდვილობის, ასევე - მაგისტრის დიპლომთან თანაბრობის აღიარება; ცენტრმა, 2017 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, აღიარა ეს გარემოებები და დაადგინა, რომ ამ დიპლომის საფუძველზე გიორგი ტყავაძეს უფლება ჰქონდა - სწავლა გაეგრძელებინა დოქტორანტურაში. თუმცა, ამ გადაწყვეტილებაში გაიპარა აღიარებულ უფლებასთან აბსოლუტურად შეუსაბამო, ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ: მიეთითა, რომ გიორგი ტყავაძის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდებოდა ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. მისი დიპლომი მაგისტრის დიპლომთან რომ არ ყოფილიყო გათანაბრებული, ცენტრი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 1-ლი პუნქტიდან გამომდინარე, დოქტურანტურაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

სწორედ ამ ტექნიკური ხარვეზის გასწორების მოთხოვნით მიმართა გიორგი ტყავაძემ 2017 წლის 25 სექტემბერს ცენტრს; თუმცა, ამ უკანასკნელმა, აბსოლუტურად ფორმალური საფუძვლით (განცხადებაში არ არის ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანიო), განუხილველად დატოვა გიორგი ტყავაძის განცხადება. სწორედ ამ ტექნიკური ხარვეზის გასწორების საკითხი განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ; დაასკვნა, რომ გიორგი ტყავაძეს ინსტიტუტში გავლილი ჰქონდა 5-წლიანი სასწავლო პროგრამა, რის გამოც, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, მის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდებოდა მაგისტრის აკადემიურ ხარისხს და 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე ცენტრს დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სადავო შეცდომის გასწორების თაობაზე.

ამდენად, სახეზეა სახალხო დამცველის და არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი ლიდერის ორკესტრირებული ქმედება, რათა ფაქტების მიჩქმალვით და საზოგადოებისათვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდებით, ერთი მხრივ - ჩრდილი მიაყენონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცედურას და, მეორე მხრივ, დააზიანონ მოქმედი მოსამართლის საქმიანი რეპუტაცია, რაც დაუშვებელია და საერთოდ შეუთავსებელია სახალხო დამცველის მანდატთან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადებულმა გიორგი ტყავაძემ მიუთითა, რომ მასთან დაკავშირებით განხორციელებულია დისკრიმინაციული მოპყრობა: მისი განათლების ხარისხზე მსჯელობისას, სახალხო დამცველმა დამალა რიგი ფაქტები (მაგ: ის, რომ იგი სწავლობს დოქტურანტურაში), მაშინ, როცა ამ ფაქტებზე ანგარიშში მსჯელობა ასახულია სხვა კანდიდატთან (ზაზა თავაძესთან) მიმართებით; ასევე, ვითარება წარმოაჩინა ისე, თითქოს არსებითი დავა განათლების ხარისხთან დაკავშირებით სასამართლომ 2017 წლის ოქტომბერში გადაწყვიტა 10 კალენდარულ დღეში, რათა გ. ტყავაძეს მონაწილეობა მიეღო მოსამართლეთა კონკურსში. არადა, არსებითი დავა განათლების ხარისხთან დაკავშირებით წარმოებდა 2017 წლის ივნისში, მაშინ, როცა არავითარ კონკურსში მონაწილეობის საკითხი არ იდგა და მოსამართლეს სურდა - სწავლა გაეგრძელებინა დოქტურანტურაში. ამგვარი გარემოებები მოსამართლეს აფიქრებინებს, რომ სახალხო დამცველის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კრიტიკული მოსაზრებების გამო დევნის განხორციელებას (წინა წლებში, როცა ნინო ლომჯარია იყო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, გიორგი ტყავაძესა და მას შორის ხშირად ყოფილა დებატები, მათ შორის - სატელევიზიო ეთერითაც, სასამართლოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე), რის გამოც იგი არ გამორიცხავს - გამოიყენოს ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით საერთაშორისო (მაგ: ევროსაბჭოს) დონეზე არსებული მექანიზმებიც.

2.2.5. შოთა ლაითაძე:

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ შოთა ლაითაძემ უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო დაწესებულებაში, რომელსაც არ ჰქონდა ინსტიტუციური აკრედიტაცია.

კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით გაირკვა, რომ 2004-2010 წლებში მან შპს დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „იბერიაში“ გაიარა ბაკალავრის და მაგისტრის სასწავლო პროგრამები, რომლის შედეგად მას მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, არ ევალებოდა - განეხორციელებინა ქმედებები 144-ვე აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის გადასამოწმებლად; შესარჩევ პროცედურაში კანონით გაწერილი შემჭიდროებული ვადები არც იძლეოდა ამის შესაძლებლობას. შოთა ლაითაძის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კანდიდატად მისი რეგისტრაციის თაობაზე.

3. ე.წ. გრძელი სიის ფორმირების შესახებ:

სახალხო დამცველი აკრიტიკებს ე.წ. გრძელი სიის ფორმირებას (137 კანდიდატიდან 50 კანდიდატის გამოვლენა) ფარული კენჭისყრით და, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრი ერთიანი სქემით, კოორდინირებულად მოქმედებდა, მიიჩნევს, რომ შესაძლოა მათი გადაწყვეტილებები კანდიდატებთან დაკავშირებით პირადი ინტერესებით ყოფილიყო ნაკარნახევი.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ე.წ. გრძელი სიის ფორმირება ფარული კენჭისყრით ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე განხორციელდა; ამდენად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი ინიციატივით კენჭისყრას ვერ ჩაატარებდა საჯაროდ, ეს იქნებოდა კანონდარღვევა, მისი შედეგები კი - იურიდიული ძალის არმქონე. შესაბამისად, კრიტიკის ადრესატი კენჭისყრის ფარულობასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ იქნება.

ფარული კენჭისყრა, ღია კენჭისყრასთან მიმართებით, საყოველთაოდაა აღიარებული დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხის გამომხატველად. სწორედ ამიტომ იყო, რომ ,,დემოკრატიისათვის კანონის მეშვეობით ევროპული კომისიის (ვენეციის კომისია)“ 2013 წლის #701 დასკვნით, კომისია მიესალმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევისათვის ღია კენჭისყრის ნაცვლად ფარული კენჭისყრის დაწესებას და მას ,,მნიშვნელოვანი ცვლილება“ უწოდა (იხ: პუნქტი 39).

იუსტიციის უმაღლესი საბჭო კოლეგიური ორგანოა და მისთვის ბუნებრივადაა დამახასიათებელი - გადაწყვეტილების მიღების წინ ამ ორგანოს წევრებს შორის გარკვეულ კონსულტაციებს, აზრთა გაცვლას ჰქონდეს ადგილი. ასე იყო მოცემულ შემთხვევაშიც: კენჭისყრამდე საბჭოს წევრებს შორის იყო აზრთა გაცვლა ცალკეულ კანდიდატებთან მიმართებით, რაშიც არავითარი კანონდარღვევა არსებობს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შევასრულეთ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნა და კანდიდატები შევარჩიეთ ამ კანონის 35(1) მუხლის 1-ლი და მე-3−მე-14 პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შეფასების საფუძველზე.

4. კანდიდატების საჯარო მოსმენის შესახებ:

4.1. სახალხო დამცველმა გააკრიტიკა საჯარო მოსმენების ფორსირებულ რეჟიმში წარმართვა და დაასკვნა, რომ მოსმენების გამართვა არასამუშაო საათებში უფრო მეტი ზიანის მომტანი იყო, ვიდრე სარგებლის: ნაზიბროლა ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს ჰყავდათ მცირეწლოვანი შვილები, რის გამოც ისინი უთითებდნენ მათი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებაზე; ღამის საათებში მოსმენა კანდიდატებსაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა.

ნათელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობდა - საჯარო მოსმენები წარემართა შეძლებისდაგვარად შემჭიდროებულ ვადებში, რათა დროულად გადაჭრილიყო უზენაეს სასამართლოში შექმნილი უმძიმესი ვითარება (მაგ: სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მხოლოდ ერთი მოსამართლეა დარჩენილი, ხოლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ახალი საქმეები ნაწილდება ასევე მხოლოდ ერთ მოსამართლეზე; თითოეულ მოსამართლეს რამდენიმე ასეული საქმე აქვს წარმოებაში). ამიტომ საბჭოს დასახელებული წევრების პრეტენზიები უადგილო და უსაფუძვლო იყო - არასამუშაო დროს არა მხოლოდ ისინი, არამედ - მთელი საბჭო მუშაობდა, მათ შორის - სხვა ქალი წევრები, რომელთაც ასევე ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, თუმცა მათ ასეთი პრეტენზიები არ გამოუთქვამთ, აცნობიერებდნენ რა ფორსირებულ რეჟიმში მუშაობის მიზანს. დამატებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნაზიბროლა ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, მაშინ, როცა საბჭოს სხვა წევრები მუშაობდნენ, დროს სპორტულ დარბაზებსა და ტელევიზიებში ატარებდნენ; ამდენად, მცირეწლოვან შვილებზე ზრუნვა მხოლოდ საბაბი იყო და არა რეალური მიზეზი, რათა არ დასწრებოდნენ საბჭოს სხდომებს.

4.2. სახალხო დამცველი მართებულად აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები გამოთქვამდნენ პროტესტს ნაზიბროლა ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის მიმართ, როცა ისინი გარკვეულ კანდიდატებს (ძირითადად - მოქმედ მოსამართლეებს) ეპყრობოდნენ დისკრიმინაციულად: კანდიდატებთან იყენებდნენ გასაუბრების უხეშ სტილს, რომელიც დაკითხვას უფრო ჰგავდა და მიზნად ისახავდა რესპონდენტის მხოლოდ სუსტი მხარეების გამოააშკარავებას (ამის შესახებ დაფიქსირებულია ,,დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR)“ მიერ 2019 წლის 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში), ასევე - სვამდნენ აბსურდულ შეკითხვებს სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ,,კლანის“ შესახებ. ეს პროტესტი აბსოლუტურად ბუნებრივი იყო და მიზნად ისახავდა კანდიდატის დაკითხვის ფორმატიდან ისევ საქმიანი, მშვიდი გასაუბრების ფორმატში დაბრუნებას.

4.3. სახალხო დამცველი კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას - კანდიდატთა შეფასების ფურცლებში არ იყოს მითითებული საბჭოს წევრის ვინაობა. მართალია, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-11 პუნქტი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას შემფასებელთა ვინაობის კონფიდენციალურობის შესახებ, თუმცა - მითითებული მუხლის სისტემური განმარტების შედეგად ცალსახაა, რომ შემფასებელთა ვინაობა უნდა დარჩეს კონფიდენციალური, რადგან მათი გამჟღავნებით დაირღვევა კენჭისყრის ფარულობა: შეფასების ფურცლებში ასახული შეფასებების ანალიზით შესაძლებელი გახდება საბჭოს წევრთა იდენტიფიცირება - კენჭისყრისას ვინ დაუჭირა მხარი კონკრეტულ კანდიდატს და ვინ - არა, რაც დაუშვებელია.

სწორედ ამ მოტივაციით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 6 მაისის სხდომაზე გამართული დისკუსიის შედეგად, დაამტკიცა კანდიდატთა შეფასების ფორმები იმგვარად, რომ კანდიდატის შემფასებელი საბჭოს წევრის ვინაობა დარჩეს კონფიდენციალური, რაც შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.

4.4. სახალხო დამცველი, შეფასების ფურცლებში ასახული ქულების ოდენობის ანალიზისას, კვლავ აკრიტიკებს კენჭისყრის ფარულობას, რადგან ფარულობის პირობებში იკვეთება ერთი და იგივე კანდიდატის რადიკალურად განსხვავებული შეფასებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვადასხვა წევრის მხრიდან; ზოგიერთ შემთხვევაში, კანდიდატისათვის კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით მინიჭებულ ქულათა მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის სხვაობამ 57-საც კი მიაღწია (მაგალითად - შალვა თადუმაძე საბჭოს ერთმა წევრმა შეაფასა 98 ქულით, მაშინ, როცა მეორე წევრმა შეაფასა 41-ით). სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს 10 შემფასებელზე, რომელთა მიერ ერთი და იმავე კანდიდატისათვის მინიჭებული ქულები მცირედით განსხვავდება ერთმანეთისგან (3-5 ქულით) და პარალელს ავლებს ე.წ. გრძელის სიის ფორმირებაში მონაწილე, ,,ერთიანი სქემით“ მოქმედ 10 საბჭოს წევრთან.

კენჭისყრის ფარულობის პროგრესულ ხასიათზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, ასევე განვიხილეთ კოლეგიურ ორგანოში წევრთა შორის შესაძლო კონსულტაციების შემთხვევებიც (იხ: მე-3 პუნქტი). ნაზიბროლა ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძისგან განსხვავებით, საბჭოს სხვა წევრები ყველა კანდიდატს ობიექტურად აფასებდნენ, მაშინ, როცა ხსენებული ორი წევრი არ მალავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას გარკვეული კანდიდატების მიმართ (რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია კონკურსის სამართლიანობის პრინციპთან) და, დიდი ალბათობით, კვალიფიციური კანდიდატებისათვის მინიჭებული მინიმალური ქულებიც სწორედ მათ შეფასებას წარმოადგენს.

5. საბოლოო კენჭისყრების შესახებ:

5.1. სახალხო დამცველი მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრისგან შემდგარ, მყარ ჯგუფზე, რომელიც შერჩევის ყველა ეტაპზე მოქმედებდა ერთიანი სქემით და კოორდინირებულად, ისე, რომ გამოირიცხებოდა ყოველგვარი ინდივიდუალიზმი; ასევე - გაკვირვებას გამოთქვამს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი 20 კანდიდატი არ ემთხვევა ე.წ. მოკლე სიის ფორმირებისას გამოვლენილი 20, საუკეთესო ქულების მქონე კანდიდატს.

ხაზგასმით ვაცხადებთ: ამგვარი ,,მყარი ჯგუფი“ არ არსებობს; საბჭოს წევრები, გარდა ნაზიბროლა ჯანეზაშვილის და ანა დოლიძისა, მოქმედებდნენ სწორედ ინდივიდუალური პასუხისმგებლობით და ყველა კანდიდატისადმი თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით. ის ფაქტი, რომ საბჭოს წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა შეჩერდა 20 კონკრეტულ კანდიდატზე, მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ ეს 20 კანდიდატი იყო გამორჩეული საკუთარი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის დონით.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ერთი და იგივე კანდიდატის შეფასებისას ქულათა მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის სხვაობის სიდიდის მიზეზებზე (იხ: 4.4 პუნქტი), რამაც ასევე განაპირობა ის ფაქტი, რომ ე.წ. მოკლე სიის ფორმირებისას გამოვლენილი 20 საუკეთესო ქულების მქონე კანდიდატებიდან მხოლოდ 5 არ იქნა წარდგენილი საქართველოს პარლამენტისათვის. აღნიშნული ფაქტი ვერ ჩაითვლება შერჩევის პროცედურის ნაკლად ორი გარემოების გამო:

ა) მე-20 ადგილზე მყოფი კანდიდატის ქულათა ჯამი შეადგენს 1044-ს; ქულათა მაქსიმუმის მიხედვით ოცეულს გარეთ მოხვედრილი იმ 5 კანდიდატის, რომლებიც საქართველოს პარლამენტისათვის არიან წარდგენილნი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, ქულების ჯამი შეადგენს შესაბამისად 1041-ს, 1041-ს, 1033-ს, 1030-ს და 1017-ს; ამდენად, ამ ხუთი კანდიდატის მიერ დაგროვილ ქულათა ჯამსა და ქულების მიხედვით საუკეთესო ოცეულში მოხვედრილ კანდიდატთა ქულებს შორის სხვაობა არ არის არსებითი ხასიათის;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კოლეგიური ორგანოა, რომელიც შერეული შემადგენლობისაა და ისიც ცნობილია, რომ მისი ორი არამოსამართლე წევრი - ნაზიბროლა ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე დაუფარავად აფიქსირებენ თავიანთ უარყოფით პოზიციას რიგი კანდიდატების, მაგალითად - გიორგი მიქაუტაძის მიმართ, რის გამოც ამგვარ კანდიდატებს ისინი არ აფასებენ ობიექტურად და მიზანმიმართულად აკლებენ ქულებს, მაშინ, როცა ჩვენ, მოსამართლე წევრები, ყველა კანდიდატს ვაფასებთ ობიექტურად, მათი დამსახურების (რაც ეფუძნება კეთილსინდისიერების და კომპეტენციის მაღალ დონეს) მიხედვით.

სწორედ ამიტომაც, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-12-მე-13 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრების ეტაპი გაიმიჯნა კანდიდატთა შეფასების ეტაპისგან და იქცა შერჩევის პროცედურის დამოუკიდებელ ეტაპად, რომელიც ავტომატურად არ გამომდინარეობს შეფასების შედეგებიდან, თუმცა - კენჭისყრის შედეგი არც არსებითად და მკვეთრად უნდა იყოს აცდენილი შეფასების შედეგებს. ამგვარი სხვაობა (აცდენა) კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში არც არსებობს.

6. ინტერესთა კონფლიქტის შესახებ:

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა - ირაკლი შენგელიამ (რადგან მან მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი კანდიდატის და, იმავდროულად, საკუთარი ცოლის ძმის - ლევან თევზაძის შეფასება-კენჭისყრაში) და მდივანმა - გიორგი მიქაუტაძემ (რადგან შერჩევის პროცედურის მიმდინარეობისას გააგრძელა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა) დაარღვიეს ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა. მითითებული ნორმის თანახმად, საჯარო მოსამსახურე, რომლის მოვალეობაა კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში იმ გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ამ ორგანოს სხვა წევრებს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს და უარი განაცხადოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ იერარქიით უფრო მაღლა მდგომი - ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით - განსხვავებულად მოწესრიგდა ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობა-გადაჭრის საკითხი: 35(3) მუხლით დარეგულირებულია 1-ლი და მე-2 ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული კონკურსისგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების/თვითაცილების საკითხები; ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევ პროცედურასთან დაკავშირებით, იმავე კანონის 34(1) მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, იგი არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არცერთ ეტაპზე. იგი ასევე არ არის უფლებამოსილი, კითხვით მიმართოს კანდიდატებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა - გიორგი მიქაუტაძემ, დარეგისტრირდა რა კანდიდატად, სრულად შეასრულა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნა: მას, როგორც საბჭოს წევრს ან მდივანს, არანაირი მონაწილეობა მიუღია შერჩევის პროცედურის არც ერთ ეტაპზე. კანონი მისგან არ მოითხოვდა საბჭოს წევრის ან მდივნის თანამდებობიდან გადადგომას.

დამატებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომებს ხელმძღვანელობდა საბჭოს წევრი - დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელსაც საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურენი ასევე უთანხმებდნენ შერჩევის პროცედურის სათანადოდ წარმართვასთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებსაც. ამდენად, გიორგი მიქაუტაძე ფაქტობრივად სრულად იყო დისტანცირებული შერჩევის პროცედურისაგან.

რაც შეეხება ირაკლი შენგელიას. არ არსებობს ,,ნათესაური კავშირის“ ერთიანი, უნივერსალური გაგება. არც ერთ საკანონმდებლო აქტში არის განსაზღვრული, რომ ცოლის ძმა არის ნათესავი იმ თვალსაზრისით, რომ მასთან მიმართებით მიმდინარე რაიმე სამართლებრივ პროცედურაში მონაწილეობიდან გამოირიცხოს კონსტიტუციური კოლეგიური ორგანოს წევრი, ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის საფუძვლით.

გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ჩანაცვლებას ad hoc წევრით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო პატარა და ტრადიციული ქვეყანაა, სადაც ზემოთ აღნიშნულის მსგავსი ურთიერთობით ერთმანეთთან მრავალი ადამიანი შეიძლება იყოს დაკავშირებული, ინტერესთა შეუთავსებლობის ამგვარი საფუძვლით საბჭოს წევრთა პროცესებიდან ჩამოშორებამ შეიძლება საბჭოს საქმიანობის პარალიზებაც გამოიწვიოს. სამართლის დოქტრინაში ისიც აღიარებულია, რომ კონსტიტუციური ორგანოს მიერ ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისას ინტერესთა შეუთავსებლობის ინსტიტუტი არ მოქმედებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არც ირაკლი შენგელიას და არც გიორგი მიქაუტაძეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები არ დაურღვევიათ.

7. გამჭვირვალობის შესახებ:

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, შერჩევის საწყის ეტაპზე, პრობლემური იყო.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თავდაპირველად, მართლაც უარი განაცხადა შერჩევის პროცედურაში მონაწილე კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაზე, რადგან ეს ინფორმაცია უხვად შეიცავდა არა მხოლოდ თავად კანდიდატთა, არამედ - მათთან დაკავშირებულ მესამე პირთა შესახებ პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დაცულია გამჟღავნებისაგან ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა გასცა მკაფიო რეკომენდაცია ამ ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ, ასევე - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საჯარო სხდომაზე, მოისმინა რა სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელთა მოსაზრება სადავო საკითხთან დაკავშირებით, 2019 წლის 12 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება კანდიდატთა განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის გასაჯაროების შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის გასაჯაროების დაყოვნების ერთადერთი მიზეზი იყო სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის აუცილებლობა და არა შერჩევის პროცედურის გამჭვირვალობის შეზღუდვა.

8. საბოლოო დასკვნის შესახებ:

სახალხო დამცველი ასკვნის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ,,არასამართლიანად“ წარიმართა, რის გამოც ამ პროცესმა ,,ვერ მოიპოვა საზოგადოებრივი ნდობა“.

სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ხარისხზე ვისაუბრეთ ,,Ipsos France”-ის და სხვა ავტორიტეტული სუბიექტებისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ ჩატარებული კვლევის განხილვისას (იხ: 1-ლი პუნქტი). ასევე, ჩვენ არგუმენტირებულად გავეცით პასუხი სახალხო დამცველის ყოველ კონკრეტულ კრიტიკულ მოსაზრებას და დავადასტურეთ, რომ შერჩევის პროცედურა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. თუ ,,უსამართლობას“ სახალხო დამცველი საკანონმდებლო რეგულაციებში მოიაზრებს, მაშინ მისი კრიტიკის ადრესატი იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ უნდა იყოს.